რეკლამა | კონტაქტი

არასწორი ბრენდინგის მაგალითები ცნობილი კომპანიების ისტორიიდან

ბრენდინგში ყველაზე წარმატებულ და ცნობილ ბრენდებსაც კი დაუშვიათ ისეთი შეცდომები, რომლებსაც დიდი ზიანი მიუყენებია მათი იმიჯისთვის. მსგავსი შეცდომები ასევე დიდ ფინანსურ დანაკარგსაც იწვევს. შესაბამისად, მსგავსი შეცდომების კარგად გაცნობა და თავიდან არიდება თქვენი ბრენდის ეფექტურად განვითარებაში შეგიწყობთ ხელს:

Coca-Cola

1985 წელს „Coca-Cola“-ის ყველაზე ცნობილი სასმლის ფორმულა შეცვალეს, რათა „Pepsi“-ის მზარდი პოპულარობისთვის კონკურენცია გაეწიათ. თუმცა, ახალმა გემომ ერთგულ მომხმარებლებში დიდი უკმაყოფილება გამოიწვია. „Coca-Cola“-ის წარმომადგენლები საბოლოოდ ორიგინალი ფორმულის გამოყენებას დაუბრუნდნენ. თუმცა, მანამდე საკმაოდ ბევრი საყვედური მიიღეს.

ახალი სასმლის დაანონსებიდან სულ რამდენიმე კვირაში, „Coca-Cola“-ის ოფისში უკმაყოფილო მომხმარებლების 5 ათასამდე ზარი შედიოდა ყოველდღიურად. მალე დღიური ზარების რაოდენობამ 8 ათასს მიაღწია, რის გამოც კომპანიას დამატებითი ოპერატორების დაქირავებაც მოუწია.

ახალი ფორმულის გასაპროტესტებლად “Old Cola Drinkers of America”-ის მსგავსმა ჯგუფებმა ქუჩებშიც გამართეს საპროტესტო აქციები. მომხმარებლები აღნიშნულ აქციებზე „Coca-Cola“-ის ბოთლებიდან სასმელს პირდაპირ საკანალიზაციო სისტემებში ასხამდნენ.

Gap

2010 წელს ”Gap”-ის ლოგო შეცვალეს, ბრენდის მოდერნიზაციის მიზნით. თუმცა, ახალ ვიზუალურ ელემენტს საკმაოდ დიდი კრიტიკა ხვდა წილად. ცვლილება გააკრიტიკეს როგორც მომხმარებლებმა, ასევე დიზაინერებმაც და აღნიშნული სფეროს წარმომადგენლებმაც. მათი თქმით, ახალი ლოგო საერთოდ ვერ ასახავდა ბრენდის იდენტობას.

„Gap“-ის ლოგოს კვლავ ძველი ვიზუალი დაუბრუნეს, ახალი ვიზუალის პრეზენტაციიდან სულ რაღაც 6 დღის შემდეგ.

არასწორი ბრენდინგის მაგალითები ცნობილი კომპანიების ისტორიიდან - bad branding gap

Pepsi

2017 წელს გამოქვეყნებული „Pepsi”-ის რეკლამა კრიტიკის ეპიცენტრში მოექცა. ვიდეო რგოლში კენდალ ჯენერი საპროტესტო აქციას უერთდებოდა ქუჩაში და პროტესტის მეორე მხარეს მდგარ პოლიციელს „Pepsi”-ის ქილას სთავაზობდა, მხარეებს შორის სიტუაციის განსამუხტად.

რეკლამას უდიდესი კრიტიკა სოციალური სამართლიანობის დამცველი ჯგუფებისგან ხვდა წილად, რადგან მათ ვიდეო რგოლი რეალური პრობლემების გაუფასურების მცდელობად შერაცხეს. აღნიშნული კრიტიკის საპასუხოდ, კომპანიამ რეკლამა ხმარებიდან ამოიღო და საჯარო ბოდიშიც გამოაქვეყნა.

აღნიშნულმა ინციდენტმა გამოაჩინა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია სოციალური საკითხების მიმართ არასენსიტიური დამოკიდებულებისგან თავის არიდება, ბრენდინგის სტრატეგიის დაგეგმვისას.

Kodak

Kodak” მსოფლიოს მასშტაბითაა ცნობილი. 1968 წელს მას უკვე გლობალური ბაზრის 80% ეკავა, ფოტოგრაფიის სექტორში. ინდუსტრიაში პიონერის სტატუსის მოპოვების მიუხედავად, 1990-იან წლებში კომპანიამ ციფრული ფოტოგრაფიის განვითარებას ფეხი ვერ აუწყო. აღნიშნული წარუმატებლობის შედეგად, Kodak” 2012 წელს საბოლოოდ გაკოტრდა.

კომპანიამ მომხმარებლების მოთხოვნებისა და გემოვნების ცვლილების სწორად გაანალიზება და ბრენდინგის შესაბამისად ადაპტირება ვერ შეძლო.

არასწორი ბრენდინგის მაგალითები ცნობილი კომპანიების ისტორიიდან - bad branding kodak

სწორი ბრენდინგის სტრატეგია სწორედ მომხმარებელთა ქცევის საფუძვლიანად გაანალიზებასა და დროთა განმავლობაში მის ცვლილებებთან ადაპტირებას მოიცავს. კომპანიისთვის ასევე სასარგებლო იქნებოდა ერთ პროდუქტზე ფოკუსირების ნაცვლად, შემოსავლის რამდენიმე განსხვავებულ წყაროზე კონცენტრირებაც. ეფექტური ბრენდინგი სწორედ მსგავსი განვითარების ასპექტების წარმოჩენასა და გამოყენებას უწყობს ხელს.

Heineken

2018 წელს ლუდის კომპანიამ საკმაოდ არაორდინალური სარეკლამო რგოლი გადაიღო, რომელიც საზოგადოების მიერ რასისტულ კამპანიად შეირაცხა. სარეკლამო ვიდეოში ბარმენი ლუდის ადრესატს კანის შედარებით ღია  ფერის მიხედვით არჩევს. აღნიშნული ქმედება რეალურად ლუდის „მსუბუქი“ სახეობის პოპულარიზაციისთვის იყო განკუთვნილი, თუმცა მომხმარებლებმა აღნიშნული ქმედება არასენსიტიურ აქტად შერაცხეს.

საბოლოოდ კომპანიამ სარეკლამო რგოლი ტელევიზიიდან და სხვა მარკეტინგული არხებიდანაც ამოიღო, თუმცა მისი წყალობით ბრენდის რეპუტაციასა და ფინანსებს დიდი ზიანი მაინც მიადგა. აღნიშნული სარეკლამო კამპანია იმის მაგალითია, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ბრენდის ღირებულებების გათვალისწინება და სენსიტიური მიდგომა ბრენდინგის სტრატეგიის დაგეგმვისას.

Amazon

2021 წელს „Amazon“-მა საკუთარი მობილური აპლიკაციის ლოგო განაახლა, რამაც მომხმარებლებისგან საკმაოდ ნეგატიური უკუკავშირი დაიმსახურა. განახლებულ ვიზუალში „Amazon“-ის ლოგოს თავზე ლურჯი ზოლი დაუმატეს, შეფუთვის ელემენტის ასოციაციის შესაქმნელად.

არასწორი ბრენდინგის მაგალითები ცნობილი კომპანიების ისტორიიდან - bad branding example amazon.jpg

მომხმარებლების აზრით,  ლურჯი ელემენტის დიზაინი ერთ-ერთი ცნობილი დიქტატორის ულვაშის ფორმას ზედმეტად ჰგავდა. მსგავსი ნეგატიური უკუკავშირის მიღების შედეგად, „Amazon“-მა ლოგო ახალი ვერსიით ჩაანაცვლა. განახლებულ დიზაინში ლურჯ ელემენტს უბრალოდ ერთი ნაკეცი ჰქონდა და არა ზიგზაგური, ულვაშის მსგავსი ვიზუალი.

რედაქტორის სვეტი
საქართველოსა და პერუს შორის უვიზო მიმოსვლის შეთანხმება გაფორმდა