რეკლამა | კონტაქტი

ბრენდინგის შეცდომები, რომლებსაც უნდა მოერიდოთ

ბიზნესის ბრენდინგის პროცესში უამრავი შეცდომის დაშვებაა შესაძლებელი. ყოველი მათგანს ბრენდის საძირკველში ბზარების გაჩენის პოტენციალი აქვს და სწორედ ამ ზეგავლენის გააზრებითაა შესაძლებელი მათი თავიდან აცილებაც.

ზედაპირული ბრენდინგი

ზედაპირული ბრენდინგი უბრალოდ ესთეტიკური ფერების, ლოგოებისა და სლოგანების გამოყენებას მოიცავს, ერთიანი წინასწარ მოფიქრებული სტრატეგიის ქონის გარეშე. ბრენდინგის სტრატეგია თქვენი ბიზნესის საფუძველს უნდა წარმოადგენდეს, რათა ის მომხმარებლების წინაშე ბრენდის იდენტობის ავთენტურად წარსადგენად გამოიყენოთ. შეცდომაა ბრენდინგში ინვესტიციის ჩადება მხოლოდ იმიტომ, რომ პრეზენტაციებს ახალი ფერები დაუმატოთ. ასეთი ზედაპირული მიდგომა ბრენდის ცნობადობის გაზრდისთვის და ლოიალური მომხმარებლების მოზიდვისთვის საკმარისი არ იქნება.

ბრენდინგი და ილუზია

საკმაოდ გავრცელებული შეცდომაა ბრენდინგის გამოყენებით პროდუქტებისა და სერვისების ხარვეზების გადაფარვის მცდელობა. თქვენ შესაძლოა დაიქირაოთ ბრენდინგის ექსპერტები და დიზაინერები, რათა ბიზნესის უარყოფითი ელემენტები ლამაზი მესიჯებისა და ფერების ქვეშ დამალოთ. თუმცა, როგორც წესი მომხმარებლები საკმარისად ჭკვიანები არიან მსგავსი ხრიკების ამოცნობისთვის და აღნიშნული ფაქტი თქვენი ბრენდის მიმართ ნდობის დაკარგვას იწვევს.

ბრენდინგის შეცდომები, რომლებსაც უნდა მოერიდოთ - ORANGE BRANDING PRESENTATION

თქვენი უნიკალური ღირებულების წარმოჩენა

ბრენდინგის სტრატეგიებში ინვესტიციის ჩადებამდე აუცილებელია, რომ ზუსტად განსაზღვროთ თქვენი ბრენდის უნიკალური ღირებულებები. რა სარგებლობა მოაქვს თქვენ პროდუქტებს მომხმარებლებისთვის? სთავაზობთ თუ არა მათ ისეთ რამეს, რაც თქვენ კონკურენტებს არ გააჩნიათ? ბრენდინგის მთავარ კომპონენტს სწორედ უნიკალური ღირებულების კომუნიკაცია წარმოადგენს. შესაბამისად, ბრენდინგი ეფექტური ვერ იქნება აღნიშნული ასპექტის განსაზღვრის გარეშე. თქვენი ლოგო, სლოგანი, საკომუნიკაციო მესიჯები და მთავარი ელემენტები სწორედ უნიკალური ღირებულების ირგვლივ უნდა შეიქმნას. ეს ეფექტური საკომუნიკაციო სტრატეგიის შექმნაშიც დაგეხმარებათ.

ბრენდის გაქვავება

ბრენდი ცოცხალი ქმნილება უნდა იყოს, რომელიც დროის განმავლობაში ბაზრის, ტექნოლოგიების, საზოგადოების აღქმის და აუდიტორიის ღირებულებების მსგავსად იცვლება და ვითარდება. საპირისპირო მიდგომა და ბრენდის გაქვავება წარუმატებლობის მიზეზი გახდება. ეს არ ნიშნავს, რომ ყველა ბრენდმა სრული რებრენდინგი უნდა განიცადოს. ცვლილებები შეიძლება იყოს მინიმალისტურიც და მნიშვნელოვანიც. თქვენ შეიძლება მოახდინოთ ლოგოს მოდერნიზაცია ან მომხმარებლებს სრულიად ახალი პროდუქტი შესთავაზოთ. მაგალითად, „Stella Artois“ 1366 წლიდან ერთი და იგივე ლოგოს იყენებს, თუმცა ბრენდმა 2013 წელს სიდრი დაამატა კატალოგში, საკუთარი აუდიტორიის გასაზრდელად და ბაზრის მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად.

ბრენდინგის შეცდომები, რომლებსაც უნდა მოერიდოთ - CLC AGoodMoodFood 6172 closeup LR

წესების მიხედვით მოქმედება

კომუნიკაციის ყველა მედიუმში  ერთნაირი ბრენდის იმიჯის შენარჩუნება შემოსავლის 10%-დან 20%-მდე გაზრდას იწვევს. თქვენი ბრენდის სტრატეგია და ბრენდბუქი დეტალურ ინსტრუქციებს გთავაზობთ აღნიშნული ეფექტის მისაღწევად. აღნიშნული წესების ზედმიწევნით დაცვა ბრენდის ცნობადობის გაზრდას გამოიწვევს, ხოლო მათგან გადახვევა აუდიტორიას დააბნევს და სხვა ალტერნატივებისკენ გახედვას მოანდომებს.  

არასენსიტიურობა

კულტურული და სოციალური თემების მიმართ არასენსიტიური მიდგომა მომხმარებლებს ნეგატიურ შთაბეჭდილებას შეუქმნის და ბრენდის იმიჯის სერიოზულ დაზიანებას გამოიწვევს. მაგალითად, 2017 წელს გამოშვებული რეკლამა „Audi“-ს იმიჯისთვის საკმაოდ საზიანო გამოდგა. სარეკლამო რგოლი ჩინურ ქორწილს და სიდედრის მიერ პატარძლის მანქანასავით შემოწმებას ასახავდა. ბრენდის წარმომადგენლებს სახალისო რეკლამის გადაღება ჰქონდათ ჩაფიქრებული, თუმცა საზოგადოებამ „Audi” ქალების ობიექტად აღქმისა და დამცირების გამო სერიოზულად გააკრიტიკა.

თანამშრომლების ტრენინგი

გახსოვდეთ, რომ თქვენი თანამშრომლები თქვენი ბრენდის ამბასადორები არიან. მათ ყოველდღიურად აქვთ ინტერაქცია მომხმარებლებთან და თქვენი ბრენდის ღირებულებებს წარმოადგენენ. სწორი ტრენინგების გარეშე ისინი სრულყოფილად ვერ გაიაზრებენ კომპანიის ღირებულებებს, ხასიათსა და სხვა ელემენტებს. ეს ბრენდინგსა და თანამშრომლების მიერ გაჟღერებულ მესიჯებს არაერთგვაროვან სახეს მისცემს და მომხმარებლებს ნეგატიურ გამოცდილებას შესთავაზებს. შესაბამისად, აუცილებელია ყოველ ახალ თანამშრომელს ზუსტად აუხსნათ თქვენი ბრენდის ღირებულებები და მიზნები.

რედაქტორის სვეტი
საქართველოსა და პერუს შორის უვიზო მიმოსვლის შეთანხმება გაფორმდა