ლეგენდარული ლოგოები, შთამბეჭდავი სლოგანები და მომხმარებლებისთვის შეთავაზებული დასამახსოვრებელი გამოცდილება წარმოადგენს ისეთ ასპექტებს, რომელიც ბრენდის ცნობადობის მაღალ დონეს უზრუნველყოფს. ბრენდის მარტივად აღქმადი იმიჯი თქვენს პროდუქტს სხვებისგან გამოარჩევს და ამასთანავე, მომხმარებლების ნდობისა და ლოიალურობის მოპოვებისთვის აუცილებელ ასპექტს წარმოადგენს. ბრენდის ცნობადობა კომპლექსურ საკითხს წარმოადგენს და მისი მიღწევა ერთ ღამეში შეუძლებელია. თუმცა, არსებობს სწორი სტრატეგიები, რომლებიც აღნიშნული მიზნის მიღწევას, ბრენდის პოპულარობის გაზრდასა და ლოიალური მომხმარებლების შეძენას უზრუნველყოფს:
ჩამოაყალიბეთ თქვენი ბრენდის იდენტობა
პირველი ნაბიჯი თქვენი ბრენდის იდენტობის განსაზღვრას მოიცავს, მისი ღირებულებების, მისიის, სამიზნე აუდიტორიისა და უნიკალური უპირატესობების ჩათვლით. ეს ეტაპი ბრენდინგის მესიჯებისა და ვიზუალური ელემენტების თანმიმდევრულობას უზრუნველყოფს.
შექმენით ბრენდის თანმიმდევრული მესიჯები
ჩამოაყალიბეთ ბრენდის საკომუნიკაციო ენა და მესიჯების სტილი. გამოიყენეთ თანმიმდევრული ტონი სამიზნე აუდიტორიისთვის თქვენი პროდუქტის მთავარი ღირებულებებისა და სასარგებლო თვისებების წარდგენისას.
შექმენით გამოკვეთილი ვიზუალური იდენტობა
ჩამოაყალიბეთ გამორჩეული ვიზუალური პერსონა, უნიკალური ლოგოს, თანმიმდევრული ფერების პალიტრის, ტიპოგრაფიისა და სხვა ვიზუალური ელემენტების გამოყენებით. აღნიშნული იდენტობა თქვენი ბრენდის ხასიათის ამსახველი და სამიზნე აუდიტორიისთვის რელევანტური უნდა იყოს.

იაქტიურეთ ონლაინ პლატფორმებზე
გააუმჯობესეთ თქვენი ბრენდის ცნობადობა ინტერნეტში, პროფესიონალური ვებსაიტის შექმნით და რელევანტურ სოციალურ მედია პლატფორმებზე აქტიურობით. გამოიყენეთ SEO-ზე ორიენტირებული ვებ-დიზაინის ელემენტები ხილვადობისა და ვიზიტორების რაოდენობის გასაუმჯობესებლად.
სხვადასხვა ელემენტების თანმიმდევრულობა
ერთნაირი დონით წარმოაჩინეთ თქვენი ბრენდის იდენტობა ვებგვერდის, შეფუთვის, მარკეტინგული აქსესუარების, სოციალური მედიის პროფილებისა და სარეკლამო კამპანიების საშუალებით.
ბრენდინგი, მარკეტინგის სტილი და მესიჯების ტონი შესაძლოა სხვადასხვა პლატფორმების მიხედვით შეიცვალოს, თუმცა თქვენი ბრენდის ვიზუალური იდენტობა ყველა არხზე ერთნაირი უნდა იყოს. ეს ბრენდის ცნობადობის გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს.
კოლაბორაცია და პარტნიორობა
სხვა ბრენდებთან და ინფლუენსერებთან სტრატეგიული თანამშრომლობისა და პარტნიორობის დამსახურებით, თქვენ ახალ აუდიტორიას გააცნობთ ბრენდს და უფრო ფართო ბაზარზე მოიპოვებთ ცნობადობას.
გლობალური მარკეტის ლიდერები მსგავს სტრატეგიებს აქტიურად იყენებენ ბრენდის ცნობადობის გასაზრდელად. მათ მიერ შექმნილი სარეკლამო კამპანიების წარმატება და ეფექტურობაც სწორედ ამაზე მეტყველებს:
McDonald’s
“McDonald’s“-ის ოქროს თაღები ფართოდ ცნობილ სიმბოლოს წარმოადგენს. მისთვის თვალის მოკვრაც დანახვაც კი საკმარისია ცნობილი ბურგერების გემოს გასახსენებლად. ბრენდმა ასეთი დონის ცნობადობის მისაღწევად “I’m Lovin’ It”-ის მსგავსი დასამახსოვრებელი სლოგანები და „Ronald McDonald“-ის მსგავსი ცნობილი პერსონაჟები გამოიყენა. აღნიშნული სტრატეგიის ნაწილს წარმოადგენდა ასევე მომხმარებლებისთვის ხელმისაწვდომი და მოხერხებული სერვისის შეთავაზება.
ცნობილ სარეკლამო კამპანიაში, ოფისის თანამშრომლები „McDonald’s“-ის რესტორანში წასვლის გადაწყვეტილებას იღებენ, ერთმანეთთან დალაპარაკების გარეშე. კამპანიაში „McDonald’s“-ის ბრენდინგის და საჭმელების გამოყენების გარეშეც კი, რეკლამამ შეძლო ბრენდის გაიგივება სასიამოვნო და კარგად ნაცნობ დანიშნულების ადგილთან.
Coca-Cola
ცნობილი წითელი ფერის, გამორჩეული ფონტისა და ბოთლის ორიგინალური ფორმის წყალობით, „Coca-Cola“-ის ბრენდი მარტივად ამოსაცნობია. ამის წყალობით ის მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ და ბევრისთვის საყვარელ ბრენდს წარმოადგენს.
„Coca-Cola“-ის გამომაცოცხლებელი სასმლის სინონიმად ითვლება და ბედნიერების, ერთობის, ნოსტალგიისა და ინსპირაციის შეგრძნებებთან ასოცირდება. მისი სარეკლამო კამპანიაც სწორედ თითოეული მომხმარებლის ინდივიდუალობას აღნიშნავს და ორდინალურ მომენტებს ექსტრაორდინარულ მომენტებად გარდაქმნის, სასიამოვნო სასმლის ძალის გამოყენებით.
სარეკლამო კამპანია “Masterpiece”ყოველდღიური მომენტებით სიამოვნების მიღების ინსპირაციას წარმოადგენს და „Coca-Cola“-სთან ერთად შთამბეჭდავი მოგონებების შექმნის პროცესს ასახავს.
Nike
„Nike”-ის ბრენდის ცნობადობას ღრმად აქვს გადგმული ფესვები მის პოპულარულ ლოგოში და მასთან ასოცირებულ სპორტებსა და ინსპირაციულ სლოგანში “Just Do It.”
ცნობილი ლოგო ინოვაციის, მოტივაციის და უსაზღვრო შესაძლებლობების სიმბოლოდ იქცა, რასაც „Nike” ყოველთვის მხარს უჭერდა შთამბეჭდავი მარკეტინგული კამპანიებით და ისეთ ტოპ ათლეტებთან თანამშრომლობით, როგორსაც სერენა უილიამსი, ლებრონ ჯეიმზი და მაიკლ ჯორდანი წარმოადგენენ.
სარეკლამო კამპანია “Unlimited Future” კომპანიის სპორტსმენ ამბასადორებს ბავშვების სახით წარმოაჩენს. რეკლამის მთავარი მესიჯი თითოეულ ინდივიდში ადრეული ეტაპიდანვე არსებულ პოტენციალსა და შესაძლებლობებს უსვამს ხაზს.
Amazon
ონლაინ საცალო გაყიდვების უდიდესი ბრენდი მომხმარებლებისთვის საკმაოდ ცნობილია, მათი ასაკისა და ლოკაციის მიუხედავად. „Amazon“-ის ლოგო ბედნიერი ღიმილისა და შესაბამისად, ბედნიერი მომხმარებლის სიმბოლოდ ითვლება.
„Amazon“-ის ბრენდინგის სტილიც სწორედ მომხმარებლების ემოციებზე აქცენტის გაკეთებასა და მათ ლოიალურ კლიენტებად ქცევას ემსახურება.
Apple
ცნობილი ბრენდის ლოგო მარტივად ამოსაცნობია მთელი მსოფლიოს მასშტაბით და დანახვისთანავე „Apple“-ის ინოვაციურ პროდუქტებთან ასოცირდება. სარეკლამო კამპანიები და მათი სლოგანები „Think Different” და “Apple at Work” ბრენდს ინოვაციებისა და პრემიუმ ხარისხის სიმბოლოდ წარმოაჩენს მომხმარებლების თვალში.
„Apple” კრეატიულობის, გუნდური კოლაბორაციებისა და პროდუქტიულობის მხარდამჭერ ბრენდად პოზიციონირდება ბაზარზე, რასაც სარეკლამო კამპანია The Underdogs“ კიდევ უფრო მეტად უსვამს ხაზს. რეკლამის მთავარი მესიჯის მიხედვით, „Apple” ინდივიდებსა და გუნდებს ერთნაირად ეხმარება მიზნების მიღწევაში.