ტიკტოკერები ერთმანეთის სტუდენტური სესხების, იპოთეკისა და საკრედიტო დავალიანებების გადასახდელად გაერთიანდნენ. ახლა უკვე დასერიოზულებული ტრენდი, თავდაპირველად სახუმარო იდეის სახით შეიქმნა და მის ინსპირაციას „iCarly”-ის ეპიზოდი წარმოადგენდა. ამას ტრენდული ვიდეოს ავტორი, ჯეიკ ბურგეტი აცხადებს.
ჯეიკი ამჟამად სამედიცინო კურსის სტუდენტია და ტრენდული ვიდეოც სწორედ აღნიშნულ კურსზე სწავლის საფასურის გადახდის მიზნით გადაიღო. როგორც იგი აცხადებს, ვიდეოს ასეთ მასშტაბურ პოპულარობას არ მოელოდა და არც ახალი ტრენდის წამოწყება ჰქონდა მიზნად. მას უბრალოდ სახალისო იდეის გაზიარება სურდა ხალხთან. ჯეიკმა 1 წუთიანი ვიდეო 12 მაისს ატვირთა ტიკტოკზე და მას უკვე 25 მილიონზე მეტი ნახვა აქვს. აღნიშნულ ვიდეოში ბურგეტი მაყურებლებს საკუთარ თეორიას უზიარებს იმის შესახებ, თუ როგორ მარტივად შეუძლიათ ტიკტოკის იუზერებს მისი სტუდენტური სესხის დაფარვა. ჯეიკის განცხადებით, ამისთვის 247 მილიონი ადამიანის მიერ მისი ვიდეოს 5 წამის ნახვაა საკმარისი. ჯეიკი ვიდეოში უბრალოდ ფაფას ჭამს დროის გასაყვანად და ვიდეოს ხანგრძლივობის გასაზრდელად.
@jheisenburg If you’re reading this just know I appreciate you. I’m so happy we could share this moment ❤️🥣 #fyp #studentloans #viral #cereal #icarly #spencershay #whynotdatemedotcom ♬ original sound – Jake | ⚕️Jheisenburg ⚕️
„გადაიხადე ჩემი ვალი“ – იდეის ინსპირაცია
ჯეიკის იდეის ნაწილის ინსპირაციად “iCarly”-ის ერთ-ერთი ეპიზოდი იქცა. ცნობილი შოუს პერსონაჟი სპენსერი აღნიშნულ სერიაში მარცვლეულის ფაფის ჭამისას საკუთარ თავს ვიდეოს უღებს, რათა ის შემდეგ ინტერნეტში განათავსოს, რომანტიკული პარტნიორების გასაცნობად. ჯეიკის ვიდეოს ინსპირაციის დანარჩენ ნაწილად კი მისი საკუთარი გამოთვლები იქცა. მან პირდაპირ გამოთვალა ვალის გადასახდელად საჭირო ვიდეოს ნახვების რაოდენობა.
იგი დაახლოებით 10 ათას ნახვას მოელოდა, რის გამოც მას გულწრფელად გაუკვირდა ვიდეოს მიერ დაგროვილი მილიონობით მოწონება, კომენტარი, გაზიარება და ნახვა.
გატრენდებული ვიდეოდან მიღებული თანხა
ვიდეოს წარმატებისა და პოპულარობის მიუხედავად, ჯეიკმა სწავლის საფასურის დაფარვა მაინც ვერ შეძლო. მიუხედავად იმისა, მან იმდენი შემოსავალი მიიღო, რამდენის მისაღებადაც წინა სამსახურში ორი თვე სჭირდებოდა. ახალ ვიდეოში მან გაამხილა, რომ საერთო ჯამში ვიდეოსგან 4,200$ გამოიმუშავა. ტიკტოკის ალგორითმი ვიდეოების მიერ გამომუშავებულ თანხას სხვადასხვა ასპექტების მიხედვით ითვლის, თუმცა აღნიშნული რიცხვი მოსალოდნელზე ბევრად ცოტა აღმოჩნდა.
ვიდეოს დამსახურებით ფულის გამომუშავების მიუხედავად, ჯეიკი იგივე სტილის ვიდეოს ჩაწერას აღარ აპირებს. მისი აზრით, ახალი ვიდეო პირველი ვიდეოს მსგავსად გულწრფელი ხასიათის ვეღარ იქნება. ამის ნაცვლად, ჯეიკი საკუთარი აუდიტორიის გაზრდას ისეთი კონტენტით გეგმავს, რომლის შექმნის პროცესითაც სიამოვნებას მიიღებს და გზად სხვებსაც დაეხმარება.
ვიდეოების გადაღება მომგებიანი საქმე შეიძლება იყოს, თუმცა ჯეიკი თავისი სამსახურის მიტოვებას არ აპირებს. იგი სხვებსაც ურჩევს, რომ სოციალური მედიის გამო ფინანსურ რისკებზე არ წავიდნენ. მისი თქმით, სოციალურმა მედიამ შესაძლოა სწრაფი ფინანსური წარმატების ილუზია შექმნას, თუმცა ფინანსური სტაბილურობა გრძელვადიან თამაშს წარმოადგენს.