ინფლუენსერ მარკეტინგი ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ფრაზად ჩამოყალიბდა და ალბათ ერთ დღესაც ვერ გაატარებთ მისი გაგონების გარეშე. ეს ტერმინი 2019 წელს ოფიციალურად დაამატეს ინგლისური ენის ლექსიკონში. მსგავსი პოპულარობა შედარებით ახალი განზომილებაა, თუმცა თვითონ ინფლუენსერ მარკეტინგი საკმაოდ ძველ მცნებას წარმოადგენს. ადამიანები აქამდეც, წლების განმავლობაში აქცევდნენ ყურადღებას საკუთარი ოჯახისა და მეგობრების (ასევე პოპულარული ადამიანების) აზრს იმის შესახებ, თუ რისი ყიდვა ან გაკეთება ჯობდა.
ინფლუენსერთან კოლაბორაციის ერთ-ერთი უძველესი ფაქტი 1760 წელს დაფიქსირდა. Wedgwood-ის სახელით ცნობილმა მეთუნემ ჩაის ჭურჭლის ნაკრები დაამზადა ინგლისის დედოფლისთვის. მის თანამედროვეობაში მონარქია დიდი გავლენით გამოირჩეოდა. შესაბამისად, Wedgwood-ის ჭკვიანური გადაწყვეტილების შედეგად მისი პროდუქტები ბაზარზე „სამეფო ოჯახის მიერ მოწონებული“ ბრენდის სახით პოზიციონირდა და ამ მდიდრულ სტატუსს დღემდე ატარებს.
დღესდღეობით ინფლუენსერებად ის ადამიანები მოიაზრებიან, რომლებსაც ინსტაგრამზე დიდი აუდიტორია ჰყავთ და სამოსისა და გასახდომი ჩაის გაყიდვით არიან დაკავებულები. თანამედროვე სამყაროში ინფლუენსერს წარმოადგენს ყველა ის ადამიანი, რომელსაც ბევრი გამომწერის მოგროვება შეუძლია და ამის შემდეგ მათთვის რჩევების მიცემა იმის შესახებ, თუ რაში სჯობს ფულის დახარჯვა.
1760 წლის კოლაბორაციის შემდეგ, ინფლუენსერები მოდის აიკონების (კოკო შანელი 1920-იან წლებში, ოდრი ჰეპბერნი ფილმში „საუზმე ტიფანისთან“), პოპულარული ამბასადორების (“Nike”-ის ფინანსური წარმატება 80-იან წლებში მაიკლ ჯორდანთან კონტრაქტის დადების შემდეგ) და პროდუქტების სახეთ ქცეული მსახიობების ( შოუ „მეგობრები“-ს პოპულარობისა და მისი პერსონაჟის პოპულარობის პიკში „L’Oreal Elvive“-ის სახედ ქცეული ჯენიფერ ენისტონი) ფორმით იჩენდნენ თავს.
შემდეგ 2000-იან წლებში ბლოგები იქცა სივრცედ, სადაც ჩვეულებრივ ადამიანებსაც შეეძლოთ საკუთარი ხმით გავლენის მოხდენა მათ აუდიტორიაზე. ეს ტრენდი განვითარდა და შემდეგ სოციალური მედიის სახეც მიიღო.
ახლა ბლოგინგი და ინფლუენსერობა განცალკევებულ ინდუსტრიად ჩამოყალიბდა და ინფლუენსერ მარკეტინგი კომუნიკაციის მნიშვნელოვან ფორმად იქცა. HypeAuditor-ის რეპორტის მიხედვით, ინფლუენსერების ინდუსტრიის ღირებულება 2025 წელს 22 მილიარდ დოლარს მიაღწევს.
