ვინ დაგეხმარათ? ვინ მოგცათ შანსი? ვინ დაინახა თქვენი პოტენციალი და დაგეხმარათ მის რეალიზებაში? რას ნიშნავდა ეს თქვენთვის? თუ ამ კითხვების პასუხად არავინ გაგახსენდათ, მაშინ საკმაოდ რთული გზა გაგივლიათ. კარიერის დასაწყისში ძალიან ბევრი რამის სწავლაა შესაძლებელი. თუმცა, ყველაფერში მარტო გარკვევა საკმაოდ რთულია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე შეცდომებზე სწავლას ეხება.
თუ მხარდამჭერები გყავდათ, მაშინ ეს თქვენთვის უსაფრთხოების ბადესაც უდრიდა. ადამიანები, რომლებიც რჩევას გაძლევენ და სწორ გზაზე გაყენებენ, საკმაოდ ბევრ რამეს ცვლიან. ამ ცვლილებების ზეგავლენის შეგრძნება და დანახვა შესაძლოა მოგვიანებით გახდეს შესაძლებელი. ხშირად, ეს სწორედ იმ ადამიანებისგან გაუცნობიერებლად ხდება, რომლებმაც მსგავსი მხარდაჭერა გამოავლინეს.
თანამედროვე სამყაროში სულ უფრო და უფრო ნათელი ხდება, თუ რამდენად აკლიათ მარკეტერებს მსგავსი მხარდაჭერა, კარიერის სხვადასხვა ეტაპებზე. ეს იგრძნობა როგორც მათი სააგენტოების, ისე კლიენტების მხრიდანაც. მარკეტერების უმრავლესობას მენტორი არ ჰყავს. ასევე, ისინი არც თვითონ წარმოადგენენ სხვისთვის მენტორს. ტრადიციული სტრუქტურები, რომელიც მსგავსი მხარდაჭერის წახალისებას ახდენდა, ან შეიცვალა ან საერთოდ აღარ არსებობს.
თაობების ფრაგმენტაცია
მენტორობის მაგალითი ზემოდან ქვევით უკვე ნაკლებად გადაეცემათ მარკეტერებს. მარკეტინგის დეპარტამენტის ლიდერის როლში ადამიანები ბევრად უფრო მოკლე დროს ატარებენ, რაც მენტორული ურთიერთობების ჩამოყალიბებას ხელს არ უწყობს. კომპანიები ახალი ტალანტების მოზიდვის და მათი დატრენინგების პროცესებში ინვესტიციას ახორციელებენ, თუმცა მათთვის მენტორული მხარდაჭერის შეთავაზებას ვერ ახერხებენ.
მარკეტინგის სფეროში მუშაობის კანდიდატებს კარიერის საწყის ეტაპზევე მოეთხოვებათ საბოლოო პროდუქტად ქცევა და მათი განვითარების ეტაპზე საჭირო დროით დარჩენა კომპანიებისთვის მიუღებელია. ყველაზე დაბალ პოზიციაზე მუშაობის მსურველებისგანაც კი საკმაოდ დიდ გამოცდილებას და ცოდნას ითხოვენ. ეს ნიჭიერ კანდიდატებს აფრთხობს და კარიერის განვითარებაში ხელს უშლის.
სხვა სფეროებში ყველაფერი პირიქითაა. მაგალითად, იურიდიულ ფირმებში დიდ ინვესტიციას სწორედ კარიერის საწყის, განვითარების ეტაპზე მყოფ კანდიდატებში დებენ და ამის სანაცვლოდ მოელიან მომავალში დიდი მოგების მიღებას. სამწუხაროდ, მარკეტინგის სფეროში ძირითადად უკვე სრულყოფილი კანდიდატების აყვანაზე კეთდება მთავარი აქცენტი.

იერარქიების დარღვევა
მენტორობის კულტურის მიმართ დამოკიდებულების შეცვლის დროა. ეს სხვის საქმეს არ წარმოადგენს და თითოეული ჩვენგანის მოვალეობაა. საჭიროა ვიპოვოთ კრეატიული გამოსავალი, რომლის დახმარებითაც საკუთარ დროს, ენერგიასა და შესაძლებლობებს ერთმანეთისგან სწავლას დავუთმობთ.
მენტორობაზე უარის თქმის მიზეზი ხშირად სწორედ დროის ნაკლებობაა. შესაბამისად, საკუთარი თავისთვის კიდევ ერთი დავალების დამატება კარგი იდეა არაა. თუმცა, მოკლე ვადიანი, კონკრეტულ პროექტებზე მორგებული მენტორობა საკმაოდ ეფექტური შეიძლება გამოდგეს.
არ არსებობს წესი იმის შესახებ, რომ მხოლოდ ერთი მენტორი შეიძლება გვყავდეს. რამდენიმე ადამიანისგან სწავლა უფრო მეტ შესაძლებლობას აჩენს და თითოეული მათგანის სპეციალობის უკეთ გაცნობას უწყობს ხელს. თუმცა, მენტორობა იერარქიულ წყობას არ საჭიროებს. ერთმანეთისთვის მენტორობის გაწევა და ცოდნის გაზიარება ერთ პოზიციაზე მომუშავე ადამიანებისთვისაც სასარგებლოა. ამასთანავე, მთავარია მენტორობის კულტურის დანერგვა. ამის დამსახურებით ყველა იგრძნობს, რომ ერთმანეთისგან ცოდნის მიღება შეუძლიათ. ეს დაანგრევს იმ იერარქიას და მარკეტერებს ახალი ტალანტების განვითარების ინტერესსაც გაუჩენს.
თუ თქვენ დასაწყისში დასმულ კითხვებზე უარყოფითი პასუხები გაეცით, მაშინ ალბათ ბევრად უკეთ იცით, თუ რამდენად რთულია მხარდაჭერის გარეშე განვითარება. თუ თქვენი მხარდამჭერი ადამიანი გაგახსენდათ, მაშინ ისიც გეცოდინებათ, თუ რამდენად ღირებული იყო მისგან მიღებული დახმარება. ასეთ შემთხვევაში, გამოყავით მცირე დრო და გადაუხადეთ ასეთ ადამიანს მადლობა. ეს მათთვის საკმაოდ ბევრს ნიშნავს.