ახალგაზრდა აუდიტორიის მოზიდვის მსურველ ედვერთაიზერებს ფანკლუბების არსის გაგება სჭირდებათ. Deloitte-ის კვლევის მიხედვით, Gen Z-ის 58% და მილენიალების 50% აცხადებს, რომ მათი ფავორიტი მუსიკოსის ფანკლუბი მათი იდენტობის ნაწილია. ვიდეოთამაშების შემთხვევაში ეს ნიშნული Gen Z-ის 41%-ით, ხოლო მილენიალების 35%-ით არის წარმოდგენილი. ფილმების შემთხვევაში, ეს რიცხვები 40%-ით და 39%-ით შემოიფარგლება. Deloitte-ის გამოკითხული კონსუმერებიდან, ყოველი მეათე საკუთარი იდენტობის ნაწილად თვლის ფავორიტ მუსიკოსს, სპორტულ გუნდს, სატელევიზიო შოუს და ფილმების სერიას. Deloitte-ის კვლევის თანახმად, მათ სუპერ ფანები ეწოდებათ.
ედვერთაიზერებმა სუპერ ფანების ფენომენი სათავისოდ შეიძლება გამოიყენონ. მათი ქცევის გაანალიზება კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რადგან მთავარი სტრიმინგ პლატფორმები სარეკლამო ბიზნესების აგებას აქტიურად აგრძელებენ. მარკეტერებისთვის შესაძლოა სასარგებლო გამოდგეს ბიუჯეტის გადანაწილება სხვადასხვა გართობის ინდუსტრიებზე, რადგან აღნიშნული ინდუსტრიები სულ უფრო და უფრო მეტ სარეკლამო სივრცეს ქმნიან დამკვეთებისთვის.
ფანკლუბებს განსხვავებული ფორმები და ზომები აქვთ
მედია კომპანიები ფანებთან ინტერაქციის ახალ გზებს ქმნიან, რაც მარკეტერებისთვის ახალ შესაძლებლობებს უდრის. მაგალითად, „დისნეიმ“ ცნობილი თამაში „Fortnite“-ის ავტორ კომპანიაში მოახდინა ინვესტიციების ჩადება, რათა ფანებისთვის მუდმივი ვირტუალური სივრცე შეექმნა ბრენდთან რეგულარული ინტერაქციების უზრუნველსაყოფად.
ფანების ნაწილი გეიმინგს პერსონალური გამოხატვის ფორმად აღიქვამს. ედვერთაიზერებს ამ სფეროში ნავიგაცია ჯერ კიდევ უჭირთ, თუმცა აღნიშნულ სექტორში სარეკლამო ეკოსისტემის შექმნის პროცესში პროგრესი უკვე შესამჩნევია. ფანები მხოლოდ ერთი მედიუმით ან ჟანრით დაინტერესებით არ შემოიფარგლებიან.

ფანკლუბების უახლესი გამოკითხვის მიხედვით დადგინდა, რომ გეიმერებისთვის ვიდეოთამაშების შემდეგ ფავორიტ აქტივობას ტელევიზორში სტრიმინგ-სერვისების კონტენტის ყურება წარმოადგენს. ეს იმაზე მეტყველებს, რომ ისინი ტრადიციული საკაბელო არხებისგან დისტანცირებას არჩევენ. „სამსუნგის“ სარეკლამო კვლევის მიხედვით ასევე გაირკვა, რომ გეიმერები სხვებთან შედარებით 25%-ით მეტ დროს ხარჯავენ ტელევიზორში სტრიმინგ-პლატფორმების კონტენტის ყურებაში.
ზოგიერთი ჟანრი უფრო მეტი მსგავსებით გამოირჩევა. მაგალითად, სიტკომების ფანები საკუთარ იდენტობას ფავორიტი შოუების ირგვლივ ნაკლებად აგებენ და სუპერ ფანების სიას არ მიეკუთვნებიან. თუმცა, ისინი იგივე ჟანრის კონტენტის ყურებას ყოველთვის სხვებზე მეტად ამჯობინებენ. შესაბამისად, ისინი ლოიალურ, სანდო აუდიტორიას წარმოადგენენ, რაც საკმაოდ სასარგებლოა ედვერთაიზერებისთვის.
საზოგადოება და რელევანტურობა
გასართობ ინდუსტრიაში ბრენდებს შეუძლიათ უნიკალური კონტენტის კოლექციების, თემატური სოციალური მედია კამპანიების და სარეკლამო ინიციატივების შექმნა, რათა აუდიტორიის ლოიალობით ისარგებლონ. ასეთ დროს ერთგული აუდიტორიის შექმნა მნიშვნელოვანია. „Netflix”-ის წარმომადგენლები მომავალ წელს „Netflix Houses”-ის დაწყებას გეგმავენ. აღნიშნული პროექტის ფარგლებში ფანებს მათი ფავორიტი შოუს სამყაროში კიდევ უფრო ღრმად ჩაძირვა შეეძლებათ.
მსგავსი სარეკლამო პლატფორმები ედვერთაიზერებს ისეთ ანალიტიკურ მონაცემებს აწვდის, რომლის გამოყენებაც რელევანტური რეკლამების შესაქმნელად აუცილებელია. შესაბამისად, სარეკლამო სამყარო სტრატეგიულ წვდომაზეა მორგებული, რის მიხედვითაც რეკლამის სწორი აუდიტორიის წინაშე წარდგენა ყველაზე მნიშვნელოვანია.