მამაკაცებზე მორგებული ეფექტური სარეკლამო კამპანიის შექმნა კომპლექსურ პროცესს წარმოადგენს. სტერეოტიპების მიხედვით, ისინი უფრო ჯიუტები არიან და ცვლილებებიც ნაკლებად უყვართ. ეს მათთვის ახალი პროდუქტის მიყიდვას ბევრად ართულებს. ამიტომაც, საკმაოდ მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, თუ როგორ უნდა მივუდგეთ მარკეტინგულ სტრატეგიებს აუდიტორიის დემოგრაფიის მიხედვით.
თანამედროვე სამყაროში გენდერული ნორმების საზღვრები სულ უფრო და უფრო მკრთალი ხდება, რაც მარკეტინგული სტრატეგიების შექმნას ართულებს. მიუხედავად ამისა, ეს 3 რჩევა მამაკაცებისთვის შექმნილი პროდუქტის ეფექტურ მარკეტინგში დაგეხმარებათ:
1. მარტივი მარკეტინგული მესიჯები
სიმარტივე მთავარ ასპექტს წარმოადგენს. მამაკაცებს პირდაპირი მესიჯები ურჩევნიათ. მათ სურთ გაიგონ, თუ როგორ გააადვილებს თქვენი პროდუქტი მათ ცხოვრებას, მარტივად და კონკრეტულად. ეს ნიშნავს იმას, რომ უნდა მოერიდოთ გრძელ აღწერებს და სათქმელი რამდენიმე მოკლე, მარტივად გასაგები ფაქტის სახით გადმოსცეთ. კაცები გადაწყვეტილებას სწრაფად იღებენ და პროდუქტების შედარებაში დიდ დროს არ ხარჯავენ. ისინი ეძებენ მარტივ, ეფექტურ და მარტივად გამოყენებად პროდუქტებს.
მაგალითად, თუკი კაცს სარეცხის რეცხვის რუტინის გამარტივება სურს, ხაზი გაუსვით იმას, თუ რამდენად მარტივია სარეცხი კაფსულების გამოყენება, სითხესთან შედარებით. გამოკვეთეთ ის ფაქტი, რომ კაფსულები სარეცხი საშუალებების გაზომვის საჭიროებას აქრობენ და მათი პირდაპირ სარეცხ მანქანაში შეგდება საკმარისია ეფექტური შედეგის მისაღებად. კაცები პროდუქტების ყიდვის პროცესში სწორედ ასეთ მესიჯებს ამჯობინებენ.
2. მამაკაცის პერსონა
სარეკლამო კამპანიის დაგეგმვისას გაითვალისწინეთ კაცის პერსონის შემადგენელი ასპექტები. ქალები უფრო მეტად ემოციურ აუდიტორიად ითვლებიან, თუმცა ემოციურ რეკლამას მამაკაცებზეც აქვს გავლენა. ისინი დიდ ყურადღებას აქცევენ ნეგატიური შედეგების პრევენციას და სურთ ისეთი პროდუქტის შეძენა, რომელიც სამომავლო პრობლემებს აარიდებთ თავიდან.
მაგალითად, სავარჯიშო მაისურის გაყიდვისას აუცილებელია ხაზი გაესვას იმას, თუ რამდენად კარგად ახდენს იგი უსიამოვნო სუნის აკიდების პრევენციას. პორტფელის რეკლამაში ნათლად უნდა გადმოსცეთ, თუ რამდენად კარგად უძლებს ნივთი ნაკაწრებს. ასეთი მიდგომა კაცების ემოციურ საჭიროებებს ეხმაურება, რადგან მათ სწორედ გრძელვადიანი გამძლეობის მქონე პროდუქტების მიღება სურთ.
თუკი თქვენ პროდუქტს გარანტია მოჰყვება, ღიად გამოკვეთეთ ეს დეტალიც. გარანტია ნდობას უჩენს კაცების აუდიტორიას. კაცს პროდუქტის ყიდვის სურვილს უმძაფრებს იმის ცოდნა, რომ პროდუქტის შეკეთება ან გამოცვლა გარანტიითაა შესაძლებელი და იგი სამომავლო პრობლემებისგან დაცულია.
3. გამოიყენეთ სიტყვიერი მარკეტინგის სტრატეგია
სიტყვიერი მარკეტინგი ძალიან მნიშვნელოვანია. კაცები ფავორიტ პროდუქტებს მეგობრებთან განიხილავენ, სპორტ დარბაზში, სამსახურში ან სოციალური შეკრებებისას. თუკი კაცი პროდუქტმა მოხიბლა, მაშინ ამას იგი დიდი ალბათობით სხვასაც გაუზიარებს.
სიტყვიერი მარკეტინგის გამოყენების სტრატეგია ბრენდზეა დამოკიდებული. ეს შეიძლება მოიცავდეს ინფლუენსერებთან თანამშრომლობასაც. შეარჩიეთ ისეთი ცნობილი პიროვნება, რომლის აუდიტორიაც თქვენს პროდუქტს შეეფერება და შესთავაზეთ მას პარტნიორობა.
სთხოვეთ კლიენტებს პროდუქტების შეფასება ყიდვის შემდეგ. პოზიტიური შეფასებები ზრდის ბრენდის სანდოობის დონეს და იზიდავს ახალ მომხმარებლებს, განსაკუთრებით მამაკაცების პროდუქტების შემთხვევაში. ყოველ შენაძენს შეგიძლიათ გააყოლოთ პერსონალური სამადლობელი წერილი ან პატარა საჩუქარი და ამით წაახალისოთ ბუნებრივი სიტყვიერი მარკეტინგი თქვენი აუდიტორიის წევრებს შორის.
