რეკლამა | კონტაქტი

AI-სგან მაქსიმალურის მიღება გსურთ? მოეპყარით მას რეალური თანამშრომელივით

AI ხელსაწყოები და კო-პილოტები ხშირად საკმაოდ შესამჩნევ შეცდომებს უშვებენ, თავდაჯერებულად იძლევიან არასწორ რჩევას და საკმაოდ უცნაურადაც ახდენენ კომუნიკაციას. აღნიშნული ხარვეზების გამო მათ ხშირად აკრიტიკებენ სოციალურ მედიაში. თუმცა, ასეთი პრობლემების გამო AI სისტემებისთვის ხაზის გადასმა მაინც შეცდომაა. მათ შეუძლიათ ადამიანებივით გაიზარდონ და განვითარდნენ, სწორი სწავლების დამსახურებით.

ხალხის და AI-ის მართვის ოქროს წესი

კარგ მენეჯერებს ესმით, რომ ადამიანის მიერ შეცდომების დაშვება სწავლის განუყოფელი ნაწილია. თანამშრომლებს სჭირდებათ თავისუფლება, რათა საზღვრებს გასცდნენ, ექსპერიმენტები ჩაატარონ და საკუთარი სრული პოტენციალი გამოავლინონ. ახალი თანამშრომლისთვის იდეალურად მუშაობის მოთხოვნა არარეალისტური და არაპროდუქტიულია. საუკეთესო მენეჯერებმა ისიც იციან, რომ შეცდომები ხშირად მათ მიერ ჩატარებული ტრენინგებისა და უკუკავშირების მიცემის მეთოდების ბრალია და არა თანამშრომლების. წარმატებული მენეჯერები ხარვეზებსა და შეცდომებს განვითარებისა და ახალი ცოდნის მისაღებად იყენებენ. ახლა ეს პრინციპები უკვე AI ასისტენტებს უნდა მოვარგოთ და მათაც ისე მოვექცეთ, როგორც რეალურ თანამშრომლებს.

AI-ის სწავლების მომენტებით სარგებლობა

წარმოიდგინეთ, რომ AI ბანკის თანამშრომლად აგყავთ და მას კლიენტებთან კომუნიკაცია ევალება. ყველა რელევანტური დოკუმენტისა და ინფორმაციის ატვირთვის შემდეგ, AI აგენტი კლიენტებთან გასაუბრებისთვის მზადაა. თუმცა, იგი აუცილებლად დაუშვებს ისეთ შეცდომებს, როგორიცაა მაგალითად კლიენტისთვის ზედმეტად დიდი ინსტრუქციისა და ზედმეტად დეტალური პასუხის მიწერა. ასეთ დროს AI ასისტენტისთვის მოკლე მითითებების მიცემაც საკმარისია, რადგან იგი მაშინვე გამოასწორებს საკუთარი მუშაობის სტილს. გარკვეული დროის შემდეგ, სისტემატური სწავლების დახმარებით AI ასისტენტი ისეთივე ხარისხიანად იმუშავებს, როგორც გამოცდილი თანამშრომელი.

მთავარია AI აგენტებს ისე მიუდგეთ, როგორც სწავლისთვის ყველაზე მზად მყოფ სტუდენტებს. მათთან შეცდომებზე საუბრისა და საჭირო მითითებების მიცემის შემდეგ, კომპანიის პროდუქტიულობა მნიშვნელოვნად გაიზრდება.

AI-სგან მაქსიმალურის მიღება გსურთ? მოეპყარით მას რეალური თანამშრომელივით - 3926

AI-ის გაწვრთნის უპირატესობები

ხელოვნური ინტელექტის გაწვრთნა საკმაოდ სასარგებლოა. ადამიანებისგან განსხვავებით, რომელთა სწავლებაც დიდ დროს და რესურსებს მოითხოვს, AI გამუდმებით მზადაა განვითარებისთვის. ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი ასისტენტი თითოეულ მითითებას, შენიშვნას და ბრძანებას იმახსოვრებს, რათა გამუდმებით აწარმოოს განვითარების პროცესი. „Wealthsimple“-ის, ონლაინ საინვესტიციო პლატფორმის ვიცე-პრეზიდენტის განცხადებით, AI აგენტი ისეთივე პროდუქტიულია, როგორც მათი ათი რეალური თანამშრომელი. ამის დახმარებით, კომპანიაში მომუშავე ადამიანებს შესაძლებლობა აქვთ ისეთ პროექტებზე მოახდინონ ფოკუსირება, რომელიც უფრო კომპლექსურია და პერსონალურ ყურადღებას საჭიროებს.

AI აგენტები არასდროს დაივიწყებენ საკუთარ ცოდნას და კომპანიასაც არასდროს დატოვებენ. ეს მენეჯერებს საოპერაციო პროცესების მასშტაბების გაზრდის საშუალებას აძლევს და ახალი, უკეთესი სამუშაო პოზიციების შექმნასაც უწყობს ხელს. მაგალითად, კლიენტებთან ურთიერთობის დეპარტამენტში დასაქმებულმა ადამიანებმა შესაძლოა კლიენტებთან ურთიერთობისთვის გაწვრთნილი AI-ის მოდელის მენეჯმენტი გადაიბარონ და კომპანიაში მუშაობის გაგრძელებისთვის საჭირო მოტივაცია მიიღონ.

მომავალი, სადაც ყველა მენეჯერია

AI დამხმარეების გაწვრთნაზე ფოკუსირების შემთხვევაში, მომავალში ყველა შეძლებს AI-ის მენეჯერად პოზიციონირებას. ეს ყველა დეპარტამენტის პროდუქტიულობის დონის ამაღლებას უზრუნველყოფს. თუმცა, ამისთვის საჭიროა იმის გააზრება, რომ ნებისმიერი თანამშრომლის განვითარებისთვის აუცილებელი ერთ-ერთი ასპექტი სწორედ შეცდომების დაშვებაა. კარგი მენეჯერები მუდმივად აწარმოებენ AI-ის წვრთნას და მისთვის წინაღობების ჩამოშორებას. ასეთი შემართებით მუშაობა კომპანიას AI-ის სრული პოტენციალის სათავისოდ გამოყენებაში და ინოვაციური სამუშაო პროცესების დანერგვაში დაეხმარება.

რედაქტორის სვეტი
საქართველოსა და პერუს შორის უვიზო მიმოსვლის შეთანხმება გაფორმდა