მარკეტერები ხშირად არიდებენ თავს რეკლამების განთავსებას პოლიტიკურად დატვირთული კონტენტის გვერდით. ახალი კვლევის მიხედვით, ხარისხიანი საინფორმაციო ამბების პლატფორმის გამოყენება ბრენდის რეკლამისთვის სრულებით მისაღებია. მარკეტინგული კომპანია Stagwell-ის მიერ გამოქვეყნებული დასკვნა ასევე იმასაც ამტკიცებს, რომ სკანდალური ნიუსების გვერდით განთავსებულმა რეკლამებმა ისეთივე ეფექტური შედეგი აჩვენეს, როგორც შედარებით პოზიტიური, სპორტული და გასართობი კონტენტის გვერდით განთავსებულმა რეკლამებმა.
Stagwell-ის დირექტორი მარკ პენი თვლის, რომ სპორტის და გასართობი ინდუსტრიის კონტენტი რეკლამისთვის შესაფერისად არის აღიარებული, ხოლო საინფორმაციო პლატფორმები დემონეტიზაციასა და უსამართლო განკიცხვას ეწირება. მისი რჩევით, საინფორმაციო ნიუსების გვერდით რეკლამის განთავსება ბრენდებისთვის ახალი აუდიტორიის მოზიდვის უფრო ეფექტურ გზას წარმოადგენს.
Stagwell-ის კვლევა 10 რეალური ბრენდის რეკლამის ანალიზს მოიცავს. ისინი სხვადასხვა საინფორმაციო პლატფორმებზე განათავსეს და მათ შესაფასებლად 50 ათასი ამერიკელი სრულწლოვანი გამოჰკითხეს. კვლევის მიხედვით შეფასდა მათ მიერ გამოხატული ფავორიტიზმი, ყიდვის სურვილი და სანდოობა ბრენდების მიმართ.
სულ ცოტა ხნის წინ, მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი მარკეტინგული ბიუროს, IAB NewFronts-ის წევრი გამომცემლობების წარმომადგენლებმა იმაზე იმსჯელეს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ჟურნალისტიკისთვის სარეკლამო მხარდაჭერა. მათი აზრით, ბრენდები სერიოზული საინფორმაციო სიახლეების გვერდით რეკლამის განთავსებამ არ უნდა შეაშფოთოს. „BBC” სტუდიოს წარმომადგენლის აზრით, ბრენდების მხრიდან თანასწორობისა და სანდო ჟურნალისტიკის მხარდაჭერა მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით არასანდო ინფორმაციების სწრაფი გავრცელების ფონზე.
კვლევა ბრენდების შეხედულებებს აქარწყლებს
Stagwell-ის კვლევის გამოქვეყნებასთან ერთად, კომპანიამ ასევე პირველ საინფორმაციო სამიტსაც უმასპინძლა. აღნიშნულ ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ჟურნალისტები, ბრენდების ლიდერები და სარეკლამო ინდუსტრიის წარმომადგენლები. სამიტის პანელზე გამოსვლისას, The Trade Desk-ის ვიცე-პრეზიდენტმა განაცხადა, რომ საინფორმაციო სექტორს დიდი აუდიტორია ჰყავს, თუმცა მისი მონეტიზაცია მომხმარებლების მოთხოვნის დონეს ჯერ კიდევ არ გასტოლებია. მისი თქმით, ჟურნალისტიკა კონტენტის მარად მწვანე წყაროა ინტერნეტში და მისი ხილვადობის მაღალ დონეს ინვესტიციების მოზიდვა შეუძლია.
ტარა კარრაროს, U.S. Steel-ის წარმომადგენლის თქმით, კომპანიის რეპუტაციის საზომი ერთეულების კვლევის მიხედვით, საინფორმაციო ეკოსისტემაში, კონკრეტულად კი „ნიუსლეთერებში“ განთავსებულმა რეკლამებმა პოზიტიური შედეგი მოიტანა. ტარას განცხადებით, აღნიშნული კონტენტი მეტ კონტექსტს სთავაზობს მომხმარებლებს, რაც სპეციფიკური თემებით დაინტერესებულ აუდიტორიას იზიდავს.
საინფორმაციო სიახლეების მაყურებლები აუთვისებელი აუდიტორიაა
Stagwell-ის კვლევა ამერიკის შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნების წინ გამოქვეყნდა. ბრენდის წარმომადგენლები აღნიშნული მოვლენის გამო კიდევ უფრო მეტად იკავებენ თავს საინფორმაციო პლატფორმებზე რეკლამების განთავსებისგან. თუმცა, Stagwell-ის კვლევამ ისინი შესაძლოა საკმაოდ დაამშვიდოს. ახალი სტატისტიკის მიხედვით, პოლიტიკური კონტენტის გვერდით განთავსებული რეკლამა საკმაოდ ეფექტურია. ბაიდენის შესახებ შექმნილი კონტენტის მაყურებლების მიერ რეკლამაში ნანახი პროდუქტის შეძენის ალბათობის პროცენტული მაჩვენებელი 62%-ია, ხოლო ბაიდენის შემთხვევაში 61%. აღსანიშნავია, რომ იგივე პროცენტული მაჩვენებელი გასართობი ინდუსტრიის კონტენტის შემთხვევაში ასევე 62%-ია, ხოლო სპორტული ინდუსტრიის შემთხვევაში 64%.
„Gen Z“ აუდიტორიის შემთხვევაში, ტრამპის შესახებ შექმნილი კონტენტის გვერდით განთავსებულმა რეკლამებმა ისეთივე წარმატებული შედეგები აჩვენა, როგორც „ოსკარის“ შესახებ გაკეთებული კონტენტის გვერდით წარმოდგენილმა სარეკლამო კამპანიებმა. ბიზნესისა და გართობის სფეროს კონტენტისგან განსხვავებით, აღნიშნულმა აუდიტორიამ უფრო პოზიტიურად აღიქვა რეკლამები, რომლებიც ინფლაციასა და კრიმინალურ თემებზე შექმნილი საინფორმაციო კონტენტის გვერდით იყო წარმოდგენილი.
კვლევის მიხედვით, საინფორმაციო სიახლეების მოყვარულებს „ოსკარების“ თემის ნაცვლად, ბევრად უფრო მეტად ურჩევნიათ ის რეკლამები, რომლებსაც იარაღის გამოყენებით ჩადენილი ძალადობის ისტორიების გვერდით აჩვენებენ. პენის თქმით, აღნიშნული აუდიტორია მნიშვნელოვანი, თუმცა გამოუყენებელი ბაზარია სარეკლამო სფეროში. ამერიკელების 25% საინფორმაციო სიახლეების მოყვარული ადამიანებისგან შედგება. ამ აუდიტორიის წევრები უფრო ხნიერი და მდიდარი პიროვნებები არიან, რომლებსაც პროდუქტის შეძენის უფრო დიდი საშუალება გააჩნიათ. Business Insider-ის წარმომადგენლები Stagwell-ის კვლევაზე დაყრდნობით აცხადებენ, რომ ედვერთაიზერების მხრიდან საინფორმაციო პლატფორმებზე რეკლამის განთავსება უსაფრთხო, ეფექტურ და ჭკვიანურ ინვესტიციას წარმოადგენს.
