რეკლამა | კონტაქტი

ფრილანს მწერლების სახეობები და მათი ანაზღაურების დონე

თუ თქვენ წერა გიყვართ, მაშინ ფრილანსერის კარიერის წამოწყება შეგიძლიათ კლიენტებისთვის კონტენტის დაწერით, თანაც სახლიდან მუშაობისას. ფრილანს მწერლის ყოველდღიურობა მის მიერ არჩეულ სექტორსა და სპეციალობაზეა დამოკიდებული. თქვენ შეგიძლიათ აირჩიოთ გრძელი ფორმის მარკეტინგული კონტენტის წერა ან მხოლოდ მოკლე და ჭკვიანური ტექსტების შექმნით შემოიფარგლოთ. აღნიშნული გადაწყვეტილების მიღების შემდეგ შეგიძლიათ ფრილანს მწერლების სამყაროში შეაბიჯოთ და კლიენტების მოძიება დაიწყოთ. არჩევანის გაკეთებამდე, შეგიძლიათ გაეცნოთ ფრილანს მწერლების სხვადასხვა კატეგორიებსა და მათი საშუალო ანაზღაურების დონეს:

ტექნიკური მწერალი

ტექნიკური მასალების მწერლები პროდუქტის ინსტრუქციებს, კვლევებს და მსგავს ინფორმაციას ყველასთვის გასაგებ კონტენტად გარდაქმნიან. მსგავსი ტიპის მწერლები კომპანიებს იმისათვის სჭირდებათ, რომ ტექნიკური ინფორმაცია მომხმარებლებს გასაგები ენით მიაწოდონ.

ტექნიკური მწერლები კონვერსიული და ინფორმატიული წერის სტილის ბალანსირებას ახდენენ, რათა კომპლექსური თემები სამიზნე აუდიტორიისთვის მარტივად აღსაქმელ კონტენტად აქციონ. აღნიშნული სტილის არჩევის შემთხვევაში უნდა გაითვალისწინოთ, რომ ხშირად კონკრეტული ტექნიკური სექტორის შესახებ გარკვეული ცოდნის ქონა იქნება საჭირო რელევანტური კონტენტის შესაქმნელად.

ტექნიკური მწერლების საჭიროების მქონე ინდუსტრიებია:

  • IT სექტორი
  • კოსმონავტიკა
  • საწარმოო ინდუსტრია
  • ინჟინერია
  • ფინანსები
  • სამედიცინო სფერო
  • განათლება

ტექნიკური მწერლებისთვის შესაფერისი პროექტების მაგალითები:

  • კვლევის ანალიზი
  • ბლოგები
  • პროდუქტის გამოყენების ინსტრუქცია
  • წესდების შექმნა

ტექნიკური კონტენტის მწერლები Upwork-ის პლატფორმაზე მუშაობისას საშუალოდ 25-50 დოლარს გამოიმუშავებენ საათში.

ვებ-კონტენტის და ბლოგის მწერალი

საინტერესო SEO კონტენტი ვებსაიტის წარმატების ერთ-ერთ მთავარ ფაქტორს წარმოადგენს. კომპანიები სწორედ ამიტომ ეძებენ ისეთ ფრილანს მწერლებს, რომლებსაც არტიკლების, ბლოგებისა და მსგავსი ვებსაიტის კონტენტის შექმნა შეუძლიათ. ბლოგების მწერლებს შეუძლიათ ისეთი კონტენტის შექმნა, რომელიც სამიზნე აუდიტორიის დაინტერესებას იწვევს და SEO სტრატეგიის ზოგადი მიზნების მიღწევას უწყობს ხელს.

ბლოგების მწერლები Upwork-ის პლატფორმაზე საშუალოდ 15-35$-ს გამოიმუშავებენ საათში. ზოგი სიტყვების რაოდენობის მიხედვით იღებს ანაზღაურებას და ასეთ შემთხვევაში 1000 სიტყვის საფასური 50 დოლარიდან 175 დოლარამდე მერყეობს. თანხის ზუსტი ოდენობა მწერლის გამოცდილებაზეა დამოკიდებული.

ფრილანს მწერლების სახეობები და მათი ანაზღაურების დონე - 1689253330468

ქოფირაითერი

თუკი მოკლე და გაყიდვებზე ორიენტირებული კონტენტის შექმნა გირჩევნიათ, მაშინ ქოფირაითინგის სფერო უფრო მოგეწონებათ. კომპანიები ქოფირაითერებს სხვადასხვა სარეკლამო კონტენტის შექმნისთვის ქირაობენ. შესაბამისად, აღნიშნული ტიპის მწერლები ძირითადად ბრენდის გაყიდვების გაზრდაზე არიან ორიენტირებული, შეზღუდული საწერი სივრცის გამოყენების საშუალებით.

დაწერილი ქოფის მიხედვით, თქვენ შეიძლება ფოკუსირება მოახდინოთ ბრენდინგის კამპანიების გაფორმებაზე, სარეკლამო ტექსტებზე ან SEO კონტენტის შექმნაზე. შესაბამისად, ქოფირაითერის მიერ შექმნილი ტექსტის მაგალითებს წარმოადგენს:

  • გუგლის, ფეისბუქისა და ინსტაგრამის რეკლამების ტექსტები
  • პროდუქტების აღწერილობა
  • ბანერებზე განთავსებული კონტენტი
  • ელ.ფოსტის ტექსტები
  • ვებგვერდის მთავარი გვერდის კონტენტი
  • რადიო ან სატელევიზიო რეკლამების ტექსტი

ქოფირაითერები Upwork-ის პლატფორმაზე მუშაობისას საშუალოდ 19-45$-ს გამოიმუშავებენ. ერთი სიტყვის საფასური 0.08$-დან 1$-მდე მერყეობს. ისეთი მოზრდილი პროექტების შემთხვევაში, როგორსაც 3 პანელიანი ბროშურა წარმოადგენს, პროექტის ანაზღაურება 800$-დან 1300$-მდე მერყეობს. PPC რეკლამებისთვის განკუთვნილ ტექსტში ქოფირაითერები 50$-დან 200$-მდე ანაზღაურებას იღებენ საშუალოდ.

ინსტრუქციების მწერალი

ინსტრუქციული ტიპის მწერლები საგანმანათლებლო კონტენტის წერაზე არიან ორიენტირებული და მკითხველებს პროდუქტის ან სერვისის გამოყენების გზას ასწავლიან. მსგავსი კონტენტი ისეთი მედიუმების სახით შეიძლება შეიქმნას, როგორიცაა ელ. წიგნები, სასწავლო ვიდეოები და ა.შ

აღნიშნული ტიპის მწერლები აუცილებლად უნდა გამოირჩეოდნენ კვლევისა და სწავლების კარგი უნარებით.

ისინი Upwork-ის პლატფორმაზე საათში 20$-დან 40$-მდე გამოიმუშავებენ და როგორც წესი ისეთი პროექტების სანაცვლოდ იღებენ ანაზღაურებას, როგორიცაა ელ. სწავლების მოდულები და პრეზენტაციები.

რეზიუმეების მწერალი

ბევრი ადამიანი მიმართავს დახმარებას კარგი რეზიუმეს შესაქმნელად, რათა დამსაქმებლების ყურადღება მიიქციონ. ფრილანს მწერლები ხშირად სთავაზობენ მომხმარებლებს მსგავს პერსონალურ სერვისებს და საკუთარ გამოცდილებას შთამბეჭდავი რეზიუმეების შესაქმნელად იყენებენ.

აღნიშნული კატეგორიის მწერლები Upwork-ზე საშუალოდ საათში 25$-დან 65$-მდე ანაზღაურებას იღებენ. რეპუტაციის გაუმჯობესებისა და პოზიტიური შეფასებების დაგროვების შემდეგ, შესაძლებელია აღნიშნული ფასების გაზრდაც.

ფრილანს მწერლების სახეობები და მათი ანაზღაურების დონე - freelance copywriter blog

პრეს-რელიზების მწერალი

კომპანიები მნიშვნელოვანი მოვლენების შესახებ პრეს-რელიზებს აქვეყნებენ, სხვა მარკეტინგულ აქტივობებთან ერთად. აღნიშნული დოკუმენტები მოკლე და სპეციფიკური ფორმატით გამოირჩევა და ასევე პირდაპირ მთავარ სათქმელს გამოხატავს. პრეს-რელიზების მწერლებს როგორც წესი საკმაოდ მცირე დროს აძლევენ კონტენტის შესაქმნელად.

პრეს-რელიზების თემების მაგალითებია:

  • ახალი პროდუქტის გაყიდვაში ჩაშვება
  • ღონისძიების რეკლამა
  • გამოკითხვის შედეგების გამოქვეყნება
  • ახალი პარტნიორის წარდგენა
  • ახალი ინიციატივების შესახებ განცხადების გაკეთება
  • რებრენდინგი
  • კომპანიასთან დაკავშირებული ცვლილებები

პრეს-რელიზების მწერლები საათში საშუალოდ 15$-დან 110$-მდე გამოიმუშავებენ. მათი უმრავლესობა ინდივიდუალური პრეს-რელიზის სანაცვლოდ იღებს გასამრჯელოს იმის მიხედვით, თუ რამდენი დრო დასჭირდა მის დაწერას.

კონტენტის მწერალი

კომპანიებს მუდამ სჭირდებათ კონტენტი, რათა აუდიტორიასთან კომუნიკაცია აწარმოონ. ასეთ დროს ისინი სწორედ ფრილანს კონტენტის მწერლებს მიმართავენ. მათ მიერ შესასრულებელი დავალებების სიაში შედის სოციალური მედიისთვის განკუთვნილი ქოფი, პოდკასტების სკრიპტები და ა.შ ასეთ დროს, SEO საკმაოდ მნიშვნელოვანია და კლიენტების სწორედ აღნიშნული ასპექტის მცოდნე მწერლებს ანიჭებენ უპირატესობას.

კონტენტის მწერლები საათში 15$-დან 40$-მდე ანაზღაურებას იღებენ. SEO-ზე ორიენტირებული ავტორების ანაზღაურება კი 15$-დან 35$-მდე მერყეობს. ზოგიერთი კომპანია სისტემატური თანამშრომლობის სტილს არჩევს. ამის მაგალითს წარმოადგენს მწერლისთვის თვეში 800 დოლარის გადახდა, ორი ბლოგის სანაცვლოდ.

რედაქტორი

რედაქტორები კონტენტის იდეალურ ფორმამდე მიყვანას უზრუნველყოფენ, მის გამოქვეყნებამდე. აღნიშნული პროცესი მოიცავს გრამატიკული შეცდომების გამოსწორებას, სტრუქტურული დარღვევების აღმოფხვრას და ქოფის შესწორებასაც კი. ფრილანს რედაქტორებს საკუთარი კლიენტებისა და პროექტების არჩევის საშუალება აქვთ.

რედაქტორების საქმიანობა მოიცავს:

  • ტექსტის გამოქვეყნებამდე ყველანაირი გრამატიკული შეცდომის გამოსწორება
  • ქოფის ხარისხის შემოწმება და სტაბილური ტონის დაცვის უზრუნველყოფა
  • წიგნის ავტორებისთვის მიმართულების მიცემა და წერის პროცესში დახმარება
  • კონტენტის შინაარსის სტრუქტურული თანმიმდევრობის უზრუნველყოფა

რედაქტორები Upwork-ის პლატფორმაზე საშუალოდ 15$-დან 40$-მდე გამოიმუშავებენ. ანაზღაურების ოდენობა დამოკიდებულია რედაქტორის გამოცდილებასა და სამუშაოს ტიპზე.

პროდუქტების აღწერების მწერალი

პროდუქტის აღწერის მწერალი მოკლე კონტენტს ქმნის, რომელიც გაყიდვების რაოდენობის გასაზრდელად გამოიყენება და საჭიროების შემთხვევაში SEO ქივორდებსაც მოიცავს.

პლატფორმები, რომლებისთვისაც მწერლები პროდუქტის აღწერებს ქმნიან:

  • კომპანიის ვებგვერდი
  • Shopify
  • Etsy
  • eBay
  • Amazon
  • Alibaba
  • პროდუქტის შეფუთვა

აღნიშნული ტიპის მწერლები Upwork-ის პლატფორმაზე საშუალოდ 30$-დან 200$-მდე გამოიმუშავებენ. ანაზღაურების დონე მწერლის გამოცდილებაზეა დამოკიდებული.

რედაქტორის სვეტი
საქართველოსა და პერუს შორის უვიზო მიმოსვლის შეთანხმება გაფორმდა