რეკლამა | კონტაქტი

ისტორიაში ყველაზე გამორჩეული სარეკლამო კამპანიები – რა გვასწავლეს მათ

კარგი რეკლამები მომხმარებელთა ყურადღებას დანახვისთანავე იქცევენ. მათ ასევე რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორი აერთიანებთ:

  • კარგ რეკლამებს აქვთ ნათელი, მარტივი მესიჯი, რომელიც ყველანაირ ხმაურში ადვილად აღწევს მომხმარებლამდე, გაურკვევლობის თავიდან აცილებასთან ერთად;
  • ისინი ჰყვებიან საინტერესო ისტორიას, რომელსაც ღრმა კავშირი აქვს აუდიტორიასთან და ბრენდს სხვებისგან განარჩევს;
  • ისინი იყენებენ ემოციურ ზეგავლენას, რათა აუდიტორიას შეუქმნან რელევანტური და ემპათიური გამოცდილება, ბრენდის ღირებულებებთან დაკავშირებული ავთენტური იდეების გამოყენებით;
  • კარგი რეკლამები აუდიტორიაზე დიდ შთაბეჭდილებას ახდენენ, რისი დამსახურებითაც ზემოქმედებენ მომხმარებლების ფიქრებსა და ქცევაზე.
  • ისინი მომხმარებლებს ასევე კონკრეტული აქტივობისკენ და სპეციფიკური ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებენ.

ეფექტური სარეკლამო სტრატეგია ხშირად მოიცავს კამპანიებსაც, რომლებიც სხვადასხვა მედიუმებში ერთნაირი ტონის მქონე მესიჯებს ავრცელებენ. ამის მაგალითს წარმოადგენს ქვემოთ ჩამოთვლილი სარეკლამო კამპანიები, რომლებიც საკუთარი ეფექტურობის დამსახურებით ისტორიაში შევიდნენ და მნიშვნელოვან გაკვეთილადაც იქცნენ:

Nike: Just Do It.

სარეკლამო კამპანია: პრინტი, ტელევიზია, ინტერნეტი

ისტორიაში ყველაზე გამორჩეული სარეკლამო კამპანიები - რა გვასწავლეს მათ - 2018081044728009

იცოდით, რომ ერთ დროს “Nike“-ის პროდუქცია ექსკლუზიურად მარათონის მორბენალებისთვის იქმნებოდა? შემდეგ კი ფიტნესის ციებ-ცხელება დაიწყო. „ნაიკის“ მარკეტინგის დეპარტამენტში მიხვდნენ, რომ ამით აუცილებლად უნდა ესარგებლათ, რათა მათი მთავარი კონკურენტისთვის, „Rebook”-ისთვის გადაესწროთ. აღნიშნულ პერიოდში „Reebok”-ის ფეხსაცმელები ბევრად უფრო დიდი რაოდენობით იყიდებოდა, ვიდრე „ნაიკის“ მიერ წარმოებული პროდუქტები. სწორედ ამიტომ, 1980-იანი წლების ბოლოს „ნაიკმა“ სარეკლამო კამპანია „Just Do It.” შექმნა.

1988 წელს, „ნაიკის“ გაყიდვები 800 მილიონ დოლარს შეადგენდა, 1998 წელს კი აღნიშნულმა რიცხვმა 9.2 მილიარდ დოლარს გადააჭარბა. ჰიტად ქცეული „Just Do It” მოკლე და მომნუსხველი განაცხადი იყო, რომელიც ადამიანების მიერ ვარჯიშისას განცდილ ყველა გრძნობას მოიცავდა საკუთარ თავში. გეზარება რამდენიმე კილომეტრის გარბენა? – Just Do It. არ გინდა რამდენიმე სართულის ფეხით ავლა? – Just Do It. ეს სლოგანი ყველასთვის რელევანტურ იდეებს აერთიანებდა და დღესაც იგივე გავლენის მატარებელია.

გაკვეთილი:

როდესაც ცდილობთ გადაწყვიტოთ, თუ რა ფორმით გსურთ საკუთარი ბრენდის წარდგენა, საკუთარ თავს ასეთი კითხვები უნდა დაუსვათ: რა პრობლემას ჭრით თქვენი მომხმარებლებისთვის? რა გამოსავალს სთავაზობს თქვენი პროდუქტი ან სერვისი სამიზნე აუდიტორიას? თუკი რეკლამის მთავარ მესიჯში აღნიშნულ ძირეულ საკითხებს გამოეხმაურებით, მაშინ თქვენ მომხმარებლებთან ემოციურ დონეზე მოახერხებთ დაკავშირებას, რაც მათთვის ძნელად დასაიგნორებელი იქნება.

Coke: Share a Coke

სარეკლამო კამპანია: პრინტი

ისტორიაში ყველაზე გამორჩეული სარეკლამო კამპანიები - რა გვასწავლეს მათ - 1 kNHznvAt6sFJ418pTz1wvg

დიდ ბრენდებს ხშირად სურთ რაიმე ინოვაციურის გაკეთება მიუხედავად იმისა, რომ ისინი უკვე მასშტაბური გავლენით სარგებლობენ. სწორედ ამიტომ, კოკა-კოლამ“ მასების მოხიბვლა ინდივიდებზე აქცენტის გაკეთებით გადაწყვიტა და თითოეულ ბოთლზე ინდივიდუალური სახელი გამოსახა. 

„Share a Coke“ კამპანია 2011 წელს, ავსტრალიაში დაიწყო. „კოკა-კოლის“ ბოთლების გასაფორმებლად ავსტრალიაში ყველაზე პოპულარული 150 სახელი გამოიყენეს. ამის შემდეგ, იგივე სტილის ბეჭდური კამპანია ამერიკის შეერთებულ შტატებშიც განხორციელდა. მომხმარებლებს ასევე შეუძლიათ შეუკვეთონ საკუთარი სურვილით შერჩეული სიტყვით და ლოგოთი გაფორმებული „კოკა-კოლის“ ქილები. ამის გაკეთება ბრენდის ოფიციალური ვებგვერდის გამოყენებითაა შესაძლებელი.

გაკვეთილი

„კოკა-კოლის“ მოყვარულები რეგულარული მყიდველები არიან და კომპანიამაც სწორედ ამ ინდივიდუალურ კავშირს გაუსვა ხაზი. თვითონ იმის მოლოდინიც, თუ რომელი სახელის მქონე ბოთლი შეხვდებოდათ მომხმარებლებს, თავისებურ საინტერესო თამაშად ჩამოყალიბდა. თუმცა, ბრენდმა სხვისი სახელის მქონე „კოკა-კოლის“ყიდვაც პოზიტიურ გამოცდილებად შეფუთა და ასეთ დროს, „კოკა-კოლის“ ბოთლზე გამოსახული სახელის მქონე ადამიანთან გაზიანი სასმლის გაზიარების ტრადიციაც წაახალისა.

Absolut Vodka: „The Absolut Bottle“

სარეკლამო კამპანია: პრინტი

ისტორიაში ყველაზე გამორჩეული სარეკლამო კამპანიები - რა გვასწავლეს მათ - most iconic posters from the legendary absolut perfection campaign google

ორაზროვანი დიზაინის მიუხედავად, „Absolut”-მა საკუთარი ბოთლი მსოფლიოს ყველაზე დასამახსოვრებელ და მარტივად ამოსაცნობ ბოთლად აქცია. კომპანიის მიერ შექმნილი სარეკლამო პრინტები “Absolut”-ის ბოთლის „ბუნებაში“ აღმოჩენის სცენებს ასახავდა. აღნიშნული სარეკლამო კამპანია იმდენად წარმატებული გამოდგა, რომ იგი 25 წლის განმავლობაში შეუწყვეტლად მიმდინარეობდა. ამის დამსახურებით, ის ასევე ყველაზე ხანგრძლივ, შეუწყვეტელ სარეკლამო კამპანიადაც კი მოინათლა და ჯამში 1,500 განსხვავებულ რეკლამას მოიცავს.

სარეკლამო კამპანიის წამოწყებისას, ბაზარზე “Absolut”-ის წილი სულ რაღაც 2,5%-ს შეადგენდა. ორიათასიანი წლების მიწურულს კი, სარეკლამო კამპანიის დასრულებისას “Absolut” უკვე ყოველწლიურად 4,5 მილიონი ყუთი არყის იმპორტს აწარმოებდა ამერიკულ ბაზარზე. საერთო ჯამში, აღნიშნული რიცხვი ამერიკის შეერთებული შტატების ტერიტორიაზე იმპორტირებული არყის რაოდენობის ნახევარს წარმოადგენდა. 

გაკვეთილი

მიუხედავად იმისა, თუ რამდენად უინტერესოდ გამოიყურება თქვენი პროდუქტი, მისი ისტორიის საინტერესოდ გადმოცემა მაინც შესაძლებელია. დაიმახსოვრეთ, რომ „Absolut”-მა ერთი ბოთლის შესახებ 1500 რეკლამა შექმნა. შესაბამისად, არ უნდა შეგეშინდეთ თქვენი პროდუქტის განსხვავებულობის წარმოჩენა, მისი პოპულარობის გასაზრდელად.

Miller Lite: Great Taste, Less Filling (1974)

სარეკლამო კამპანია: პრინტი, ტელევიზია

ისტორიაში ყველაზე გამორჩეული სარეკლამო კამპანიები - რა გვასწავლეს მათ - Miller Lite All Stars KV

თქვენი აზრით მარტივია სრულიად ახალი ბაზრის შექმნა თქვენი პროდუქტისთვის? „Miller Brewing Company“-ის წარმომადგენლებმა სწორედ ეს გააკეთეს: შექმნეს მსუბუქი ლუდის ბაზარი და მის მთავარ დომინანტადაც იქცნენ. აღნიშნული მარკეტინგული სტრატეგია იმ მითის საწინააღმდეგოდ შეიქმნა, რომლის მიხედვითაც მსუბუქი ლუდი ჩვეულებრივზე ნაკლებად გემრიელ სასმელად ითვლებოდა. „Miller Brewing Company“-ის მიერ შექმნილი სარეკლამო კამპანია მასკულინური მოდელების მიერ მსუბუქი ლუდის დალევის სცენებსა და მისი გემოს შექებას მოიცავდა.

გაკვეთილი

სარეკლამო კამპანიის შექმნის შემდეგ, „Miller Lite“ რამდენიმე დეკადის განმავლობაშიც კი ინარჩუნებდა იმ ბაზრის დომინანტი პროდუქტის სტატუსს, რომელიც თვითონვე შექმნა. აღნიშნული მარკეტინგული სტრატეგია იმის მაგალითს წარმოადგენს, რომ მარკეტერებისთვის განსხვავებულობა პოზიტიურ ასპექტად უნდა ითვლებოდეს. თუკი ვინმე გეტყვით, რომ თქვენი პროდუქტის ადგილი ბაზარზე არ არის, მაშინ შექმენით თქვენი საკუთარი კატეგორია და უსწრაფესად იქეცით მის ლიდერად.

Volkswagen: Think Small (1960)

რეკლამის ტიპი: პრინტი

ისტორიაში ყველაზე გამორჩეული სარეკლამო კამპანიები - რა გვასწავლეს მათ - famouscampaigns 2

სარეკლამო კომპანია Doyle Dane & Bernbach“-ის მიერ შექმნილი „Volkswagen“-ის სარეკლამო კამპანიას მარკეტინგის სფეროს წარმომადგენლები ოქროს სტანდარტად მიიჩნევენ. 1960 წელს შექმნილი კამპანიის მთავარ მიზანს ერთ კითხვაზე პასუხის გაცემა წარმოადგენდა: როგორ უნდა შეეცვალათ ხალხის დამოკიდებულება არამხოლოდ ერთი პროდუქტის, არამედ კონკრეტული ადამიანების კატეგორიის მიმართაც?

ამერიკელებს ყოველთვის ერჩივნათ შედარებით დიდი ამერიკული მანქანების შეძენა და მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან 15 წლის შემდეგაც კი, ისინი გერმანულ მანქანებს მაინც არ ყიდულობდნენ. „Volkswagen“-ის რეკლამამ სწორედ ხალხის მსგავს დამოკიდებულებაზე გააკეთა აქცენტი და ადამიანების მოლოდინებს პირდაპირ უპასუხა: დიახ, მათი პროდუქტი პატარა იყო და მას არც არასდროს უცდია თავის სხვა რამედ მოჩვენება.

გაკვეთილი

არ გაყიდოთ თქვენი კომპანია, პროდუქტი ან სერვისი ისეთი ასპექტების აფიშირებით, რომელიც რეალობას არ შეესაბამება. მომხმარებლები ცნობენ და აფასებენ გულწრფელობას. ამიტომ სჯობს, რომ სწორედ ეს კომპონენტი გამოიყენოთ თქვენ სასარგებლოდ.

რედაქტორის სვეტი
საქართველოსა და პერუს შორის უვიზო მიმოსვლის შეთანხმება გაფორმდა