სასარგებლოა თუ არა AI საზოგადოებისთვის? ალბათ ამ საკითხზე გამართული სასამართლო პროცესის ნაფიც მსაჯულების აზრიც კი ორად გაიყოფა. ხელოვნური ინტელექტის მიერ კონტენტის შექმნის პროცესის ავტომატიზაცია, დიდი მოცულობის ინფორმაციის სწრაფად დამუშავება და მსგავსი ბენეფიტები საკმარისია თუ არა ისეთი ნეგატივების გადასაწონად, როგორსაც AI-ის მიერ მოწოდებული სუბიექტური და საეჭვო პასუხები წარმოადგენს?
საფრთხე და ახალი შესაძლებლობა
იურიდიული სექტორისთვის ხელოვნური ინტელექტი საფრთხეც არის და განვითარების ახალი შესაძლებლობაც. „UK’s Law Society“-ის დასკვნით, AI-ის დამსახურებით შესაძლოა სამუშაო ადგილები მასიურად შემცირდეს. ნიუ-იორკის, პენსილვანიის და პრინსტონის უნივერსიტეტების კვლევის მიხედვით კი ვარაუდობენ, რომ ხელოვნური ინტელექტი ყველაზე დიდ გავლენას სწორედ იურიდიულ ინდუსტრიაზე მოახდენს. ამასთანავე, AI-ის შესაძლოა საკმაოდ მნიშვნელოვანი როლიც მიენიჭოს კვლევებისა და სასამართლო პროცესების შექმნის პროცესშიც. თუმცა, უკვე არსებობს ისეთი პრეცედენტები, სადაც აღნიშნულ მიდგომას საკმაოდ ნეგატიური შედეგები მოჰყვა.
ნიუ-იორკელმა ადვოკატმა სტივენ შვარცმა „ChatGPT“ გამოიყენა საპროცესო საქმესთან დაკავშირებული კვლევის ჩასატარებლად. საქმის მსვლელობისას, ადვოკატმა სწორედ ChatGPT-ის მიერ მიწოდებული ინფორმაციის ციტირება მოახდინა და სწორედ ამ დროს გაირკვა, რომ ხელოვნური ინტელექტის მიერ შვარცისთვის მიწოდებული შვიდი სასამართლო პრეცედენტიდან, ექვსი მთლიანად AI-ის მიერ იყო გამოგონილი. აღნიშნული შემთხვევის შედეგად, შვარცს სასამართლოს წინაშე მოუწევს საკუთარი გადაწყვეტილებების განმარტება, ხოლო იურიდიული სექტორის წარმომადგენელი კომპანიები AI-ის გამოყენების პრაქტიკას კიდევ უფრო დიდი ეჭვით უყურებენ. თუმცა, საერთაშორისო იურიდიული ფირმა „Baker McKenzie“-ის ინოვაციების ოფიცრის, ბენ ალლგრუვის აზრით, შვარცის პროცესი ეთიკისა და პროფესიონალიზმის ნაკლებობის ამსახველი ისტორია უფროა, ვიდრე AI ხელსაწყოების გამოყენებაზე უარის თქმისთვის საკმარისი მიზეზი.
AI-ის იმპლემენტაცია
„Baker McKenzie“ 2017 წლიდან ადევნებს თვალს AI-ის დეველოპმენტის პროცესს და ახალი სისტემების გამოსაცდელად სპეციალური გუნდი ჰყავს, რომელიც ადვოკატების, მონაცემთა მეცნიერების და ინჟინრებისგან შედგება. ბენ ალგრუვს სჯერა, რომ ფირმა AI-ის გამოყენებას უკვე არსებული იურიდიული აპლიკაციების გაუმჯობესებული ვერსიების სახით დაიწყებს. საუბარია ისეთი პროგრამების AI-ით გაძლიერებულ ვერსიებზე, როგორსაც „Microsoft’s 365 Solution for Legal“ და „LexisNexis“ წარმოადგენს. „LexisNexis“-მა AI-ზე დაფუძნებულო პლატფორმა 2023 წლის მაისში გამოუშვა. აღნიშნულ აპლიკაციას უკვე შეუძლია იურიდიულ კითხვებზე პასუხის გაცემა, დოკუმენტების გენერაცია და იურიდიული საკითხების შეჯამება. კომერციული კლიენტებისთვის ასევე უკვე ხელმისაწვდომია იგივე სისტემაზე დაფუძნებული „Microsoft“-ის AI ხელსაწყო, „Copilot”.
ალლგრუვის განცხადებით, მხოლოდ „Copilot”-ის დანერგვაც კი კომპანიის მიერ ტექნოლოგიებისთვის გამოყოფილი ბიუჯეტის გაორმაგებას გამოიწვევს. იურიდიული ფირმებისთვის ალტერნატიულ გამოსავალს ისეთი AI სისტემების გამოყენება წარმოადგენს, რომელიც სპეციალურად იურიდიული სექტორისთვის შექმნილი არაა. ასეთი ხელსაწყოების რიცხვში შედის „Google”-ის “Bard” და “Meta”-ს “ Llama”, ასევე OpenAI-ის მიერ შექმნილი ChatGPT-იც. „Baker McKenzie” უკვე აქტიურად აწარმოებს აღნიშნული ვარიანტების ტესტირებას, მათი მუშაობის დონის შესაფასებლად. ალლგრუვის განცხადებით, ნებისმიერი სისტემისგან მოსალოდნელია შეცდომის დაშვება.

იურიდიული რესურსების დემოკრატიზაცია
ადვოკატი ალექს მონაკო იურიდიულ საქმიანობასთან ერთად, კომპანია „Grapple”-საც მართავს. აღნიშნული ფირმა კლიენტებს სხვადასხვა იურიდიულ საკითხებთან დაკავშირებით კონსულტაციის სერვისს სთავაზობს. მონაკოს თქმით, მათი კლიენტების 95%-ს ისეთი ადამიანები წარმოადგენენ, რომლებსაც ადვოკატის დაქირავებისთვის საკმარისი რესურსი არ აქვთ. თუმცა, მარტივად ხელმისაწვდომი AI ხელსაწყოების დახმარებით, მსგავს მომხმარებლებს ახლა უკვე თვითონვე შეუძლიათ საკუთარი იურიდიული საქმეების გამართვა. მონაკო ასევე თვლის, რომ AI ადამიანების და ადვოკატების ჩანაცვლების ნაცვლად, ხალხის მიერ იურიდიული საკითხების გააზრებასა და მათი ლეგალური უფლებების იმპლემენტაციას შეუწყობს ხელს.
ლეგალური გამოწვევები
კანონებთან მიმართებაში, AI-ის გამოყენების პროცესი ჯერ კიდევ ნაადრევ ეტაპზეა. ზოგიერთი სისტემა უკვე ლეგალური პრობლემების წინაშე დგას. მაგალითად, ონლაინ ხელსაწყო „DoNotPay“ კლიენტებს საპარკინგე ჯარიმების გასაჩივრების სერვისს სთავაზობს, AI-ის გამოყენებით. თუმცა, სასამართლო აღნიშნული აპლიკაციის ავტორებს იურიდიული საქმიანობის ულიცენზიოდ წარმოების საკითხზე ედავება. ამასთანავე, სტივენ შვარცის შემთხვევის შემდეგ, ამერიკელი მოსამართლეების ნაწილი ადვოკატებს იმის გამხელას ავალდებულებს, თუ რამდენად გამოიყენეს მათ AI საპროცესო დოკუმენტების მომზადების პროცესში. ალექს მონაკოს აზრით, მსგავსი საკითხის კონტროლი საკმაოდ რთული იქნება. როგორც იგი აცხადებს, “Google”-ის საძიებო სისტემაც კი “Bard”-ის მხარდაჭერას იყენებს. შესაბამისად, იურიდიულ საკითხებთან დაკავშირებული კვლევისას “გუგლში” რაიმეს მოძებნის შემთხვევაშიც კი ადამიანები ავტომატურად იყენებენ AI-ის.
