რეკლამა | კონტაქტი

ახალი ტრენდი: „ბერის რეჟიმი“ სოციალური მედიის გამოყენების შესამცირებლად

წიგნის ავტორი და ადამიანის უფლებათა დამცველი ადვოკატი სუზი ალეგრე სპეციალურ აპლიკაციას იყენებს, რათა სოციალური მედიების აპლიკაციებზე წვდომა დაბლოკოს. ლონდონში მცხოვრები მწერლის განცხადებით, ეს მას კონცენტრაციაში ეხმარება. სუზის ასევე სჯერა, რომ მხოლოდ მონდომების ხარჯზე მობილური ტელეფონის გამოყენებაზე და დროის ფუჭად გაფლანგვაზე უარის თქმა საკმაოდ რთულია. სწორედ ამიტომ, იგი სპეციალურ აპლიკაციას, „Freedom”-ს იყენებს. აღნიშნული აპლიკაცია მას სოციალური მედიისა და ვებსაიტების დაბლოკვის საშუალებას აძლევს და მთლიანად ინტერნეტზე წვდომის შეზღუდვაც კი შეუძლია. აპლიკაცია ასევე ბლოკის ხანგრძლივობის არჩევის საშუალებასაც იძლევა, მის ნაადრევად გათიშვასთან ერთად. თუმცა, ასევე შესაძლებელია ისეთი ბლოკის რეჟიმის ჩართვაც, რომლის განბლოკვაც ტაიმერის ამოწურვამდე შეუძლებელია.

ახალი ტრენდი: „ბერის რეჟიმი“ სოციალური მედიის გამოყენების შესამცირებლად - 131278848 crop1.jpg

სუზი ალეგრე აღნიშნულ აპლიკაციას მაშინ იყენებს, როდესაც სურს რომ მობილურის საშუალებით ხელმისაწვდომი იყოს, მაგრამ ყურადღების გაფანტვის საშუალებებისგან დაცული. მსგავსი ხასიათის აპლიკაციების სიაში ასევე შედის „ColdTurkey”, “FocusMe” და „Forest”. სოციალური მედიების პოპულარობის მატებასთან ერთად, ადამიანები ახალ გზებს ეძებენ შეტყობინებებისა და სიახლეების ჩასქროლვის სურვილისგან თავის შესაკავებლად. მსგავსი მიდგომის შედეგად, ინტერნეტში ახალი ტრენდი, „ბერის რეჟიმი“ შეიქმნა. ტერმინი #monkmode პირველ რიგში TikTok-ზე გახდა პოპულარული და მისი გამოყენებით ატვირთულ ვიდეოებს ჯამში 77 მილიონზე მეტი ნახვა დაუგროვდა.

სუზი ალეგრი თვლის, რომ საკუთარი წიგნის დაწერაში „Freedom”-ის გამოყენებამაც შეუწყო ხელი. აღნიშნულ ნამუშევარში ავტორი ციფრულ ხანაში ფოკუსის შენარჩუნების გამოწვევებზე საუბრობს და იმას განიხილავს, თუ როგორ გავლენას ახდენს ტექნოლოგიების დიზაინი გონების მუშაობის პროცესებზე.

სოციალურ მედიის აპლიკაციების გამოყენებისგან თავის შეკავების სირთულეს ასევე ხაზს უსვამს გრეის მარშალიც, რომელიც პროდუქტიულობაზე ორიენტირებულ მწვრთნელად მუშაობს. მისი თქმით, აღნიშნული ასპექტის კომპლექსურობას უამრავი კვლევა ადასტურებს. მარშალის განცხადებით, მობილურის მიერ გამოცემული შეტყობინების ხმა ერთგვარ დაუსრულებელ წრეს ქმნის, რომლის დახურვაც ტვინს სურს და ამით დოფამინის გამომუშავებას იწვევს. მარშალი ასევე თვლის, რომ სამსახურთან დაკავშირებული ელექტრონული წერილების მიღებაც საკმაოდ ხელის შემშლელ ფაქტორს წარმოადგენს და კომპანიებმა სპეციალური რეგულაციები უნდა დააწესონ მათი გაგზავნისა და პასუხის დროებთან დაკავშირებით. ეს სამსახურისა და პირადი ცხოვრების ბალანსისა და მენტალური ჯანმრთელობის დაცვისთვისაა საჭირო.

ახალი ტრენდი: „ბერის რეჟიმი“ სოციალური მედიის გამოყენების შესამცირებლად - monk mode240323031744

“Freedom”-ის ავტორ ფრედ სტუტზმანს აპლიკაციის შექმნის იდეა უნივერსიტეტში გაუჩნდა, როდესაც დისერტაციის ნაცვლად, უმეტეს დროს ფეისბუქზე ატარებდა. მის აპლიკაციას ახლა 2.5 მილიონზე მეტი მომხმარებელი ჰყავს მსოფლიოს მასშტაბით. ფრედის აზრით, სოციალური მედიის გამოყენების სურვილთან გამკლავების სირთულე ადამიანური სისუსტის ნიშანს არ წარმოადგენს, რადგან პლატფორმების დიზაინი სპეციალური მასტიმულირებელი ელემენტებითაა შექმნილი. სტუტზმანი სწორედ ამიტომაა კმაყოფილი იმით, რომ ტექნოლოგიას ტექნოლოგიითვე ებრძვის.

„Freedom”-ის მომხმარებლების რაოდენობამ მნიშვნელოვნად იმატა პანდემიის პერიოდში. აპლიკაციის გადმოწერის რაოდენობა 2020 წელს 50%-ით გაიზარდა, ხოლო 2021 წელს მომხმარებლების სიას კიდევ 500 ათასი ადამიანი შეემატა. ყველაზე ხშირად დაბლოკილი სოციალური მედიების სიას ინსტაგრამი, ფეისბუქი და ტვიტერი ლიდერობენ.

„FocusMe“-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი ვლადიმირ დრუტსი თვლის, რომ სოციალურ მედიაზე დამოკიდებულება სერიოზულად უნდა იქნას აღქმული. იგი ასევე აცხადებს, რომ ხელოვნური ინტელექტის გამოყენებასთან ერთად, ტექნოლოგიები კიდევ უფრო მეტად გამოიწვევენ ყურადღების გაფანტვას და ასევე მოიმატებს ისეთი აპლიკაციების რიცხვიც, რომელიც ადამიანების ყურადღების მიქცევაში შეეცილებიან ერთმანეთს. დრუტსის აზრით, AI მნიშვნელოვნად გაზრდის ინტერნეტში არსებული კონტენტის რაოდენობას და „ბერის რეჟიმი“ კიდევ უფრო მეტად პოპულარული გახდება.

რედაქტორის სვეტი
საქართველოსა და პერუს შორის უვიზო მიმოსვლის შეთანხმება გაფორმდა