რეკლამა | კონტაქტი

როგორ უნდა დავბლოკოთ სოციალური მედიის კონტენტი ბავშვის მობილურში

სკოლებისა და ფსიქოლოგების უმრავლესობა მშობლებს მათი შვილებისთვის სოციალურ მედია აპლიკაციებზე წვდომის შეზღუდვისკენ მოუწოდებს. ამის მიზეზად ინტერნეტში ომის კადრების ამსახველი გრაფიკული ვიდეოების გავრცელება სახელდება. აპლიკაციების დაბლოკვა და კონკრეტულ სიტყვებზე ფილტრების დაყენება მშობლებისთვის შესაძლოა ზედმეტად რთული დავალება იყოს. თუმცა, ონლაინ პლატფორმები და მობილურების საოპერაციო სისტემები მათ ბავშვების მენტალურ ჯანმრთელობაზე ზრუნვისთვის სპეციალურ დამცავ სისტემებს სთავაზობენ.

ნიუ-იორკში მომუშავე ფსიქოლოგი ალექსანდრა ჰამლეტის აზრით, ადამიანებზე დამთრგუნველი კონტენტის შემთხვევით ნახვა ბევრად უფრო ცუდად მოქმედებს, ვიდრე მსგავსი კონტენტის საკუთარი ნებით დათვალიერების პროცესი. ეს განსაკუთრებით ბავშვებს შეეხებათ. ზრდასრულებისგან განსხვავებით, მათ ბევრად უფრო ნაკლებად აქვთ დამთრგუნველი ვიდეოს გასათიშად საჭირო ემოციური კონტროლის უნარი. ასევე, მათი ემოციური ინტელექტი არასაკმარისადაა ფორმირებული იმისათვის, რომ ზუსტად აღიქვან რას უყურებენ. ამასთანავე, მათი კომუნიკაციის უნარებიც ბევრად უფრო ლიმიტირებულია იმის გადმოსაცემად, თუ რა სახის კონტენტს უყურეს.  თუკი აპლიკაციის წაშლის ვარიანტი არ გაწყობთ, მაშინ ბავშვების მიერ სოციალური მედიის გამოყენების პროცესის გაკონტროლება ასეა შესაძლებელი:

ლიმიტების დაწესება

მშობლებს აღნიშნული პროცესის დასაწყებად ბავშვის მობილურში არსებული სპეციალური კონტროლის ფუნქციების გამოყენება შეუძლიათ. IOS-ის „Screen Time tool“ და ანდროიდის „Google Family Link app“ ბავშვების აქტივობების გაკონტროლების საშუალებასა და კონკრეტულ აპლიკაციებზე წვდომის შეზღუდვის საშუალებას იძლევა. მათი დახმარებით შესაძლებელია როგორც აპლიკაციის მოხმარების სრულად აკრძალვა, ასევე მასში არსებული შეუფერებელი კონტენტის გაკონტროლება და დაბლოკვაც.

როგორ უნდა დავბლოკოთ სოციალური მედიის კონტენტი ბავშვის მობილურში - parental control guide

მშობლებს ასევე თვითონ სოციალური მედიის აპლიკაციებშიც შეუძლიათ გარკვეული შეზღუდვებისა და კონტროლის მექანიზმების გამოყენება:

TikTok: ტიკტოკი ოჯახის წევრების ექაუნთების ერთმანეთთან დაკავშირების ფუნქციას გთავაზობთ. მშობელს საკუთარი ექაუნთისა და ბავშვის ექაუნთის დაკავშირებით შეუძლია მას დაუწესოს გარკვეული კონტენტის მოძებნის ფუნქცია და შეუფერებელი კონტენტის ნახვის უფლება. ასევე, შესაძლებელია ვიდეოების გაფილტვრაც კონკრეტული სიტყვების და ჰეშთეგების გამოყენებით.

Facebook, Instagram, Threads: აღნიშნული სოციალური ქსელების მფლობელი “Meta” მშობლებს საგანმანათლებლო რესურსებს, რჩევებსა და იუზერების უსაფრთხოების დაცვის ექსპერტების მიერ დაწერილ სტატიებს სთავაზობს. აღნიშნულ ქსელებში ასევე შესაძლებელია ბავშვის მიერ აპლიკაციის გამოყენების ხანგრძლივობაზე ლიმიტის დაწესებაც.

YouTube: იუთუბზე „Family Link Tool” მშობლებს ბავშვებისთვის სპეციალური ექაუნთების შექმნის უფლებას, აპლიკაციის მოხმარების ხანგრძლივობის გაკონტროლებისა და კონკრეტული ტიპის კონტენტის დაბლოკვის საშუალებას აძლევს. ამასთანავე, “Youtube Kids” ბავშვებს უსაფრთხო კონტენტს სთავაზობს და არასრულწლოვანებისთვის ასევე შეზღუდულია ვიდეოების ავტომატურად ჩართვის ფუნქციონალიც.

გაესაუბრეთ თქვენ შვილებს სოციალური მედიების შესახებ

ალექსანდრა ჰამლეტი ოჯახებს ჯგუფური წესის შემოღებას ურჩევს, რომლის მიხედვითაც ოჯახის წევრები აპლიკაციების გარკვეული დროით წაშლაზე შეთანხმდებიან. აღნიშნული აქტივობისთვის ექსპერიმენტის ფორმის მიცემა ასევე წაახალისებს ერთმანეთთან იმის გაზიარებას, თუ რა შეგრძნებები გამოიწვია აღნიშნულმა გადაწყვეტილებამ. აპლიკაციების წაშლიდან რამდენიმე დღის შემდეგ, შესაძლოა შემცირდეს დაძაბულობისა და შფოთვის შეგრძნებები, რამაც შესაძლოა აპლიკაციის სამუდამოდ წაშლილ მდგომარეობაში დატოვების სურვილიც კი გააჩინოს.

აღნიშნული იდეის დაწუნების შემთხვევაში, ჰამლეტი ოჯახებს აპლიკაციების ყოველდღიური მოხმარების ხანგრძლივობის შემცირებაზე შეთანხმებას ურჩევს. ასეთ დროს ოჯახის წევრები შესაძლოა ყოველდღიურად სოციალურ ქსელებში რამდენიმე წუთით ნაკლები დროის გატარებაზე შეთანხმდნენ. მშობლებმა შვილები ასევე მათ მიერ ნანახი დამთრგუნველი კონტენტის განხილვაზეც შეიძლება დაითანხმონ, სოციალურ ქსელში უფრო მეტი დროით დარჩენის უფლების სანაცვლოდ.

როგორ უნდა დავბლოკოთ სოციალური მედიის კონტენტი ბავშვის მობილურში - ParentalControlApps

რას აკეთებენ კომპანიები?

TikTok: კომპანიის წარმომადგენლების განცხადებით, კონტენტის მოდერაციას სხვადასხვა ტექნოლოგიები და 40 ათასი უსაფრთხოების სპეციალისტი უზრუნველყოფს. ამასთანავე, პლატფორმა აღნიშნულ საკითხს სერიოზულად აკონტროლებს და ომის პერიოდში დამთრგუნველი და შეცდომაში შემყვანი კონტენტის გასაკონტროლებლად კიდევ უფრო მეტი რესურსი იქნა გამოყოფილი.

Meta: „Meta”-მ სპეციალური საოპერაციო ცენტრები შექმნა, რომლებიც სხვადასხვა ენაზე მოსაუბრე ექსპერტებითაა დაკომპლექტებული და სიტუაციების მონიტორინგისთვის გამოიყენება. აღნიშნული ექსპერტები პლატფორმაზე განთავსებულ კონტენტს აქტიურად აკონტროლებენ და შესაბამის ზომებსაც იღებენ კომპანიის წესებისა და ლოკალური კანონების დამრღვევი კონტენტის გასანეიტრალებლად. ისინი ასევე ფაქტების შემმოწმებელ მხარეებთანაც თანამშრომლობენ, რათა დეზინფორმაციის გავრცელებას ხელი შეუშალონ.

YouTube: „Google”-ის მფლობელობაში არსებული პლატფორმა მომხმარებლებს კომპანიის წესებთან შესაბამისობაში მყოფ და ასაკოვანი შეზღუდვით დაცულ ათასობით ვიდეოს სთავაზობს. ამასთანავე, კომპანიამ უკვე ათასობით წესებთან შეუსაბამო ვიდეო წაშალა და მუდამ მზადაა მსგავსი ვიდეოების, ლაივ-სტრიმებისა და კლიპების წასაშლელად.

რედაქტორის სვეტი
საქართველოსა და პერუს შორის უვიზო მიმოსვლის შეთანხმება გაფორმდა