რეკლამა | კონტაქტი

მეტი, ვიდრე ლოგო – მილტონ გლეიზერის მე მიყვარს ნიუ იორკი

I LOVE NY logo by Milton Glaser
I LOVE NY logo by Milton Glaser

ნიუ-იორკი, ქალაქი – დიდი ვაშლი, რომელიც ყველა აქტუალური მოვლენის ეპიცენტრად მიიჩნევა, განსაკუთრებით, თუ საქმე ხელოვნებას, მოდასა და პოპკულტურას ეხება.
ოთხი ათეული წლის წინ, კერძოდ, 1970-იანი წლების შუა ხანებში, ქალაქი სწრაფად იძირებოდა სიღარიბეში, იზრდებოდა კრიმინალის დონე. მდგომარეობა იმდენად მძიმე იყო, რომ ტურისტებს სხვადასხვა კამპანიით მოუწოდებდნენ პოტენციური საფრთხის შესახებ.
თუმცა, სხვადასხვა დარგის ხელოვანები ნიუ-იორკისკენ მაინც მოილტვოდნენ, რადგან ქალაქში ქირაობა იაფად შეიძლებოდა და უამრავი ლოფტისა თუ კლუბის ტიპის სივრცე იყო, სადაც მათ თვითგამოხატვის საშუალება ეძლეოდათ.


ქალაქს აუცილებლად სჭირდებოდა ლოგო, რომელიც რეპუტაციას შეუცვლიდა, ახალ შესაძლებლობებს გააჩენდა, ინვესტიციებს მოიზიდავდა, რის შემდეგაც, საცხოვრებელი პირობებიც გაუმჯობესდებოდა. ასე გაჩნდა მილტონ გლეიზერის ლოგო – I Love New York, რომელიც ასევე ცნობილია როგორც I Heart NY and I ❤ NY ვარიაციებით. 1977 წლის სარეკლამო კამპანიისთვის ლოგოსთან ერთად შეიქმნა ამავე სახელწოდების სიმღერაც, რომლის მიზანიც ნიუ-იორკის შტატში ტურიზმის პოპულარიზაცია იყო.

1977 წელს, უილიამ ს. დოილმა, ნიუ-იორკის შტატის კომერციის დეპარტამენტის აღმასრულებელმა დირექტორმა, ნიუ-იორკის შტატის მარკეტინგული კამპანიის მოსამზადებლად სარეკლამო სააგენტო Wells Rich Greene-თან ერთად გრაფიკული დიზაინერი მილტონ გლეიზერი დაიქირავა. დღესდღეობით უკვე მსოფლიოში ცნობილი ლოგოს ესკიზი მილტონ გლეიზერმა ტაქსის უკანა სავარძელზე, წითელი ფანქრით, სახელდახელოდ დახატა. ესკიზი ამჟამად თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში ინახება. მილტონ გლეიზერი იმ დროისთვის უკვე საკმაოდ პოპულარული დიზაინერი იყო, თავდაპირველად მან სახელი 1966 წელს ბობ დილანის ჰიტების პოსტერებზე მუშაობით გაითქვა, მოგვიანებით კი The New York Magazine-ის თანადამფუძნებლობით.

მარკეტინგული კამპანია სულ რამდენიმე თვეს უნდა გაგრძელებულიყო და გლეიზერმა ლოგო უსასყიდლოდ შექმნა. თუმცა, პოპ-სტილის ინოვაციური ლოგო ძალიან მალე გახდა პოპულარული და წლების განმავლობაში სხვადასხვა კომერციული საქმიანობისთვის აქტიურად გამოიყენებოდა.


თავდაპირველად, ლოგოს სკეპტიკურად შეხვდნენ, რადგან მისი მნიშვნელობა ბუნდოვანი იყო. კამპანიის დამკვეთმა, უილიამ დოილმა გადაწყვიტა ლოგოს დიზაინი დაეტესტა, საცდელად მაისური დაამზადებინა და შვებულებისას ჩაიცვა. მას მუდმივად აჩერებდნენ ტურისტები და ეკითხებოდნენ, სად შეიძლებოდა მსგავსი მაისურის შოვნა; ასე იქცა I ❤ NY ქალაქის სიმბოლოდ.

მარტივი, მაგრამ დასამახსოვრებელი დიზაინი


I Heart NY ლოგოს ადვილად დასამახსოვრებელი ვიზუალისა და ეფექტურობის მისაღწევად, გლეიზერმა ასო I წითელი გულის სიმბოლოსთან განათავსა, ასო N და Y კი ქვემოთ; I და NY ასოები დიდად American Typewriter შრიფტის გამოყენებით დაწერა. მოგვიანებით, დიზაინერმა განაცხადა, რომ შთაგონებული იყო რობერტ ინდიანას ცნობილი პოპ-არტის ნამუშევრების ციკლით – LOVE. თუმცა, ამ ლოგოში მხოლოდ დიზაინი ეკუთვნის გლეიზერს, მაგრამ მარტივი ფრაზა სარეკლამო ფირმის Wells Rich Greene-ის მთავარმა და კრეატიულმა დირექტორებმა მერი უელს ლოურენსმა და ჩარლი მოსმა მოიფიქრეს.


როგორც ზემოთ თქვით, ნიუ-იორკის ლოგო ფართო აუდიტორიისთვის პირველად სატელევიზიო რეკლამაში, სტივ კარმენის დაწერილ, ამავე სახელწოდების სიმღერის თანხლებით, 1977 წელს გამოჩნდა. ეს იყო ერთ-ერთი პირველი სარეკლამო რგოლი, რომელმაც სიტყვა სიყვარულის ნაცვლად გულის სიმბოლო გამოიყენა და მას შემდეგ დიზაინის ეს ხრიკი სხვადასხვა ინდუსტრიაში გამოიყენებოდა .

მე ❤ ნიუ-იორკი 21-ე საუკუნეში


ნიუ-იორკის ლოგო განსაკუთრებით აქტუალური 2001 წლის 11 სექტემბრის ტერორისტული თავდასხმის შემდეგ გახდა; მან მოსახლეობაში ერთიანობის განცდა შექმნა, ქალაქში ჩამოსულმა მრავალმა ვიზიტორმა მაისურები I Love New York წარწერით სოლიდარობისა და მხარდაჭერის ნიშნად შეიძინა. გლეიზერმა ლოგოს მოდიფიცირებული ვერსიაც კი შექმნა ტრაგიკული მოვლენების აღსანიშნავად, რომელზეც წარწერა შეიცვალა და მე მიყვარს ნიუ-იორკის ნაცვლად, I Love NY More Than Ever – (მიყვარს ნიუ-იორკი ისე, როგორც არასდროს მყვარებია) დააწერა, წითელი გული კი შავით ჩაანაცვლა. რედაქტირებული ლოგო New York Daily News-ში დაიბეჭდა და ორგანიზაციებმა იგი ტერაქტით დაზარალებულთათვის დასახმარებლად საჭირო თანხის მოსაგროვებლად გამოიყენეს.


ამდენი წლის შემდეგ, I Heart NY ლოგო კვლავ რჩება ქალაქისა და ნიუ-იორკის შტატის უბერებელ, ხელუხლებელ სიმბოლოდ. საინტერესოა, რომ ეს სასაქონლო ნიშანი ნიუ-იორკის ეკონომიკური განვითარების დეპარტამენტის ეკუთვნის, ლოგო უკვე ყველგან არის წარმოდგენილი სხვადასხვა პროდუქტების ბროშურებსა და რეკლამებზე.


სახელმწიფომ ყველაფერი იღონა თავისი სასაქონლო ნიშნის შესანარჩუნებლად და 2005 წლისთვის მან თითქმის სამი ათასი სარჩელი შეიტანა ფალსიფიკატორების წინააღმდეგ.
სახასიათო დიზაინის ავტორმა ერთხელ თქვა:


„ვფიქრობ, რომ ამ ლოგოს ყველაზე დიდი მუხტი მასშივე დევს. ის შეახსენებდა [თავად ნიუ-იორკელებს] ამ ქალაქში ცხოვრების პასუხისმგებლობას. ერთი რამ ვიცით, რომ რეალობა განპირობებულია რწმენით.“

კრეატიულობისა და ერთიანობის ამ მარადიული სიმბოლოს, ლოგოს პოპულარობა უკვე გასცდა ამერიკის კონტინენტს, გახდა საერთაშორისო და მსოფლიოს ყველა კონტინენტზე, ყველა დიდ ქალაქში, სიმბოლო გახდა, ფაქტობრივად, ყველაფერი იმისა, რისი სიყვარულიც შეიძლება.

Milton Glaser Works
რედაქტორის სვეტი
საქართველოსა და პერუს შორის უვიზო მიმოსვლის შეთანხმება გაფორმდა